ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, გლობალური პანდემია მაშინ დასრულდება, როცა მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 70% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
“პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო თავად გადაწყვეტს მის დასრულებს.
ჩვენ ყველანაირი საშუალება გვაქვს და შეგვიძლია, რომ თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება. ჩვენ შეგვიძლია მისგან განკურნება”. – თქვა გებრეისუსმა.
ჯანმოს დირექტორის აზრით, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ავტორიზებული ვაქცინებია, თუმცა მსოფლიო მათ სრულ პოტენციალს ჯერაც არ იყენებს.
“ვაქცინა პანდემიის წინააღმდეგ ძლიერი და აუცილებელი იარაღია, თუმცა მას მსოფლიო ჯეროვნად ვერ იყენებს, რადგან მისი მიღება მოსახლეობის მხოლოდ მცირე და იღბლიანმა ნაწილმა მოახერხა”.
მსოფლიოს მასშტაბით აცრილთა 75%, ანუ თითქმის 3.5 მილიარდი დოზა 10 ქვეყნის მოსახლეობაზე მოდის, რაც, გებრეისუსის აზრით, დიდ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს.
ჯანმო მდიდარ სახელმწიფოებს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილებისკენ მოუწოდებს.
“გლობალური პანდემია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა სახელმწიფოს არ ექნება სათანადო წვდომა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან”. – წერია ჯანმოს რეკომენდაციაშია.