ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, 49 წლის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.
“უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რეანიმაციაში მოთავსდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, პროცესები უკვე ღრმად იყო წასული” – უთხრეს ინფექციურ საავადმყოფოში “სამხრეთის კარიბჭეს“.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებს:
- გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ;
- მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
- ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ;
- დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.