AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა საჩუქრად ლიეტუვასგან

საქართველომ ლიეტუვასგან AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვას მთავრობას ვაქცინებისთვის სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

“ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, AstraZeneca​-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!”-წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share