ყოფილი პრემიერ მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” უსუსურ ძალად მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორედ ქართული ოცნების ბრალია ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატობა:
“20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, სახელმწიფოში დაიცვა ქვეყანაში წესრიგი. სხვათა შორის, ოცნების დღევანდელ „ბოსებს“ მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, ქართულმა ოცნებამ, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს მერობის კანდიდატად ოფიციალურად არის წარდგენილი და მინდა „მივულოცო“ ეს ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, როგორ მოახერხეს, რომ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია – ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ ქართულ ოცნებას შეეძლო მოეხერხებინა” _ განაცხადა გახარიამ.