ახალციხელ ქალს, რომელსაც ტკიპას ნაკბენი აღენიშნებოდა, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი, თავდაპირველად, ახალციხის კლინიკა “იმედში” შეიყვანეს, ყირიმ-კონგოს დადასტურების შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.
კლინიკა “იმედში” ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
“წუხელ გადაიყვანეს თბილისში, ძალიან მძიმე არ იყო მდგომარეობა. ტკიპას ნაკბენს უფრო ადრე აღნიშნავდა, მაგრამ ჩვენთან ორივეთი შემოვიდა”, – განაცხადა “იმედის” კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.
ახალგაზრდა ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 23 ივლისს, გვიან შეიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ორივე ვირუსულ ინფექციაზე სწრაფი ტესტი გაუკეთეს, იმის გამო, რომ ორივე რთული დაავადებაა, საჭიროდ ჩათვალეს ღრმა, PCR კვლევის ჩატარება. მისი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი.