თეა წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას, რომელსაც მან 22 ივლისს სენაკის თეატრს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მიკროფონი წაართვა, სვანეთში “იბარებს”. როგორც წულუკიანი ამბობს, თუ ემა გოგოხია სვანეთში ავა, ის მას მიკროფონს დაუბრუნებს:
“ძალიან ბევრი მეკითხებით, როდის დაუბრუნდება ქალბატონ ემას თავისი მიკროფონი. ქალბატონი ემა თავისი სიცრუის მანქანა ტელეარხიდან ფარავს სამეგრელო ზემო სვანეთს, მაგრამ ფაქტია, თქვენ ყველანი ამოხვედით ხალდეში, თავისუფლებისთვის ბრძოლის ადგილას და ქალბატონი ემა აქ არ არის. სად არის ქალბატონი ემა? ამობრძანდეს, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ამ ხეობაში, მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნებ, თუ არადა, დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები. თუ არადა, სამი ოქტომბერიც დადგება, როდესაც ის და თავისი მავნებლური პოლიტიკური ძალა მწარედ დამარცხდებიან არჩევნებში. ბურთი მის მოედანზეა. ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი. თუ არადა, მოვიდეს როცა უნდა და თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში. როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, პოლიტიკური თამაში ასეთი ვიცი მე. თუ უნდა იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად. მედიასთან ვიცი მე პოლიტიკოსის და ჟურნალისტის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ. ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით,” – ამბობს წულუკიანი.