ინციდენტი მოხდა გვიან ღამით მარნეულის ცენტრში – ბერიტაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭაში ჯერ ძროხა, შემდეგ კი მის ამოსაყვანად მისული მეპატრონე ჩავარდა.
ადგილზე სამეშველო ჯგუფები მუშაობდნენ, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რომელმაც კაცი მრავლობითი დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანა.
“ნახევარი საათის წინ საკანალიზაციო ჭაში ჯერ საქონელი, შემდეგ კი ცოტა მოშორებით მეორე ჭაში კაცი ჩავარდა. მრავლობითი დაზიანებებით ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ ყურადღება მოგვაქციონ, თუმცა ადგილობრივ მთავრობას არც ვახსოვართ, უკვე ორი წელია მარნეულის ქუჩები გადათხრილია. ვითომ საკანალიზაცი სისტემა გაჰყავთ და სინამდვილეში საკანალიზაციო ჭები ისევ ღიაა, ხან ბავშვი ვარდება, ხან მანქანა, ხან საქონელი”, – ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივები შიშობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ქალაქში კიდევ მოხდება, რადგან თითქმის ყველა საკანალიზაციო ჭა ღიაა, ხელისუფლება კი უსაფრთხოების ზომებს ამ დრომდე არ იღებს.