ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი იცვლება – ნახეთ, როგორ შეძლებთ დავალიანების დაფარვას

„სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები, 27 ივლისიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, „სს ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისების საშუალებით გადაიხდიან, – ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

 

„მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამოქმედო არეალში ელექტროენერგიის მიმწოდებელი არის სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“. მომხმარებელი ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას იღებს აბონენტის ნომრის შეცვლის გარეშე. თუ მომხმარებელს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ ელექტროენერგიის დავალიანების ანგარიშზე უფიქსირდება წინსწრებით გადახდილი თანხა (კრედიტი), აღნიშნული თანხა გადატანილი იქნება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ანგარიშზე და მომხმარებელს წინსწრებით გადახდილად დაუფიქსირდება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ქვითარში.

მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, გაურკვევლობების თავიდან აცილების მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ 1 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარჩენილი დავალიანების და „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარად გამოყენებული იქნება მხოლოდ „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის არხები (სწრაფი გადახდის აპარატები, ინტერნეტბანკი, ბანკის ოფისები). მომხმარებლის მიერ გადახილი თანხებით დაიფარება როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ასევე „ეპ ჯორჯია მიწოდების“ დავალიანება.

 

27 ივლისის 00:00 საათიდან სწრაფი გადახდის აპარატებზე და ინტერნეტბანკინგის სერვისებით ხელმისაწვდომი იქნება „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის სერვისები და იგივე პერიოდიდან გაითიშება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერვისები. გათიშვის შემდეგ, სწრაფი გადახდის აპარატებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერვისზე შესვლისას მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ დავალიანება უნდა გადაიხადოს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სერვისით. „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელს გადასახდელ დავალიანებაში გამოუჩნდება თანხა, რომელიც იქნება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „ეპ ჯორჯია მიწოდების“ ჯამური დავალიანება. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობისას, საინფორმაციო ბანერის საშუალებით.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ დავალიანების მქონე მომხმარებლები, 26 ივლისს მიიღებენ გამაფრთხილებელ სმს შეტყობინებას დავალიანების ოდენობის შესახებ და საინფორმაციოდ, იგივე სმს-ში მითითებული იქნება, რომ 27 ივლისიდან დავალიანება უნდა გადაიხადონ „ეპ ჯორჯია მიწოდების“ გადახდის არხების საშუალებით.

ივლისში მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებელი მიიღებს ახალი კომპანიისგან („ეპ ჯორჯია მიწოდება“). აღნიშნულ ქვითართან ერთად საყოფაცხოვრებო მომხმარებლები (მოსახლეობა) „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიიღებენ 2021 წლის ივნისის საბოლოო ქვითარსაც. გადახდის არხებში მომხმარებელს გადასახდელად გამოუჩნდება ზემოთ აღნიშნული ორივე ქვითრის ჯამური დავალიანება.

 

ჯამური დავალიანება გამოუჩნდება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც, თუმცა მათ შემთხვევაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2021 წლის ივნისის საბოლოო ქვითარს მიიღებენ 10-12 აგვისტოს.

 

გარდა ზემოთხსენებული საკითხებისა, შემუშავებულია არაერთი მოქნილი მექანიზმი, რომლთა საფუძველზე, აბონენტი ვერ იგრძნობს შეფეხებას ან გაურკვევლობას ამ გარდამავალ პერიოდში. აბონენტს შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე ცხელ ხაზზე თუ სოციალურ ქსელში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share