კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას შესახებ ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი პოსტი გააკეთა.
კაკულიამ მელიას ვიდეო გააზიარა, რომელშიც ოპოზიციონერი ფორმულას ეთერში წულუკიანის შესახებ საუბრობს.
“90-იანებში თითო საძმოს ჰყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო… ამ ქალბატონებს მახსენებს წულუკიანი”, – თქვა მელიამ. სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა ნუგზარ კაკულიას პოსტიც.
“ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90 იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე”, – წერს კაკულია.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც 22 ივლისს სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.
ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა “ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა – ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მან უკვე მიმართა.