“თუკი დასავლეთი ისევ ცრემლიანი შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, ნიშნავს, რომ მან საქართველო დატოვა და დატოვა რუსეთის პირისპირ”

„ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯი სრულიად გააზრებულად გადადგა და დასავლეთის რეაქციიდან გამომდინარე, ის მზად არის შემდეგი ნაბიჯებისთვის – ეს არის დასავლეთისთვის სილის გაწვნა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამის განხორციელების საშუალება დასავლეთის უუნარო და სუსტმა ქმედებებმა მისცა.

„”ქართულ ოცნებას” ამის უფლება დასავლეთის უპრინციპო და უხერხემლო პოლიტიკამ მისცა. ეს არამხოლოდ საქართველოსთან გამოიხატა, არამედ, მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაშიც გამოჩნდა. დასავლელ პარტნიორებზე საუბრისას, ასეთ შეფასებას ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ როდესაც ისეთი ქვეყნის ხელისუფლება, როგორიც არის საქართველო, თავს იმის უფლებას აძლევს, რომ შეთანხმება თავზე გადაგახიოს და სილა გაგაწნას, ეს ნიშნავს, რომ ის შენზე, კოლექტიურ დასავლეთზე, ფიქრობს, რომ ხარ უპრინციპო, უხერხემლო და საკუთარ ღირებულებებს ღალატობ. ამიტომაც “ქართულმა ოცნებამ” ეს გაბედა“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დღემდე დასავლელი აქტორები საქართველოს ხელისუფლებას ლმობიერად ეპყრობოდნენ. მისი თქმით, დასავლეთს კონკრეტული და ხისტი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„დასავლეთი “ქართულ ოცნებას” ენის მოჩლექვით ელაპარაკებოდა და ახლა კასტრირებული შეშფოთება-აღშფოთების გარდა ოცნება დასავლეთისგან განსაკუთრებულს არაფერს ელოდება. მეორეს მხრივ, ის მზად არის დასავლეთის შემხვედრ ნაბიჯებს დახვდეს. როდესაც ხელისუფლება ამას აკეთებს, ის მზად არის, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზეც უარი თქვას. ამასთან ერთად, “ქართულ ოცნებას” პერსონალური სანქციების დაწესებისაც არ ეშინია. შეუძლებელია ასეთ ნაბიჯს დგამდე და არ ითვლიდე დასავლეთის შემხვედრ ნაბიჯებს.

თუკი დასავლეთი უპრინციპო, კასტრირებულ პოლიტიკას გაატარებს და ისევ ცრემლიანი შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, ეს ნიშნავს, რომ მან ისე დატოვა საქართველო, როგორც ავღანეთი და ერაყი და დატოვა რუსეთის პირისპირ. მეორე ვარიანტია, რომ დასავლეთს საქართველო რომც არ ანაღვლებდეს, მან ეს სილის გაწვნა არ უნდა აპატიოს, რადგან ამას დომინოს პრინციპის სახე ექნება, რადგან თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც რუსეთია და არც ჩინეთი, ამდენს უბედავს, დასავლეთს ამას სხვა ქვეყნებიც გაუბედავენ. თუმცა, თუკი დასავლეთი “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობაში სანქციებზე გადავა, მე ვთვლი, რომ ამისთვისაც მზად არიან“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: