გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე, საქართველოში წუხელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“საშინლად ვარ გაბრაზებული, უზომოდ მტკივა და განვიცდი აზრობრივად მრავლად გახლეჩილ და დაქუცმაცებულ ჩემს სამშობლოს, რადგან ის, რაც გუშინ ღამით მოხდა თბილისში, ყოვლად მიუღებელია ჩემთვის ამ გაქანებული პანდემიის დროს და რა ვქნა?
აი ასე მარტივად როგორ ვიმეტებთ ერთმანეთს სასიკვდილოდ ხალხნო, როცა კარგად ვხედავთ, რომ ისედაც შიშია გამეფებული ადამიანებში და უამრავი ჩვენი მოქალაქე ისე კვდება… საავადმყოფოშიც კი ვერ ხვდება ადგილების არ არსებობის გამო, ხოლო ჩვენი ძალაგამოცლილი და ბოლომდე გამოფიტული ექიმები, უკვე სასოწარკვეთილებას არიან მიცემულნი ამ ყველაფრის გამო.
ვერ გავიგე რას ვერ ვუყობთ ერთმანეთს, საქართველოს სიყვარულს???
-ან რატომ ვერ ვხვდებით, რომ ამ დაუმთავრებელ გაწევ-გამოწევაში, აყალ-მაყალში და ხოცვა-ჟლეტაში ისე სწრაფად ჩაივლის ჩვენი ცხოვრების მატარებელი… რომ მოფერებისა და სიყვარულის ახსნის დროც კი აღარ დაგვრჩება მეგობრებო.
– ნუთუ მართლა ასეთი რთულია, 21-ე საუკუნის საქართველოში სამშობლოს მომავალი სამოქალაქო ომის გარეშე დაიგეგმოს?
გაოგნებული ვარ მართლაც და სიმართლე გითხრათ, მომავალი თაობა მეცოდება და რატომ? იმიტომ, რომ ისინი დღეს სიძულვილში იზრდებიან.
როგორ უნდა შევქმნათ ჯანსახი მომავალი, როდეს თავად ჩვენ, უფროსი თაობა, არაჯანსაღად ვაზროვნებთ და დაუფიქრებლად ვიქცევით?
ძალიან გთხოვთ გამოვფხიზლდეთ რაა, წამია წუთისოფელი, შევირგოთ ის და ფურთხის ნაცვლად, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი.
ps. გახსოვდეთ, სრულიად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ უსამართლობაზე თვალს ვერ ვხუჭავ, რადგან უზომოდ განვიცდი ჩვენი ქვეყნის მომავალს.”
“როგორ ვიმეტებთ ერთმანეთს სასიკვდილოდ, ასე გაწევ-გამოწევაში ჩაივლის ჩვენი ცხოვრების მატარებელი”