ტელეკომპანია “ფორმულა” ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ტელეკომპანია “ფორმულას” სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და მოგმართოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს – ჩვენს მაყურებლებს, საერთაშორისო საზოგადოებას – აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს.
ბოლო პერიოდში ჩვენი, კრიტიკული მედიის მიმართ ძალადობის გამოვლენის არაერთი შემთხვევის მომსწრე გავხდით. თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა. სამწუხაროა, რომ რადიკალური ჯგუფებისა და აგრესიული მოქალაქეებისთვის ტონის მიმცემი და წამახალისებელი ყოველდღიურად ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებები და მათი ქცევა.
ამ ფონზე მმართველი პარტიის მხრიდან აშშ-ისა და ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების ჩაშლა ჩვენთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ არის დამატებითი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება დაადგა დემოკრატიული პროცესებიდან გასვლის გზას, სადაც თითოეული აქტიური მოქალაქისთვის, თითოეული ჟურნალისტისთვის საქმიანობა ქვეყანაში კიდევ უფრო საფრთხიანი ხდება.
შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ემყარებოდა ქვეყნის დასავლური ფასეულობებისკენ სვლას და მიზნად ისახავდა დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმებსა და მათ გაძლიერებას, დღეს ანულირებულია, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, კრიტიკული მედიისთვის გაძლიერებული საფრთხეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის ფიზიკური საფრთხის კიდევ ერთი დამატებითი ნიშანია.
ამიტომ გვინდა ყველას მხარდაჭერა გთხოვოთ ამ პროცესში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან კრიტიკული მედიის როლის პირნათლად შესრულებას გულისხმობს.
გთხოვთ, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებს განიხილოთ ჩვენი წინადადება საქართველოში სპეციალური ჯგუფების მოწვევის შესახებ, რომელიც მედიის მდგომარეობას ადგილზე დააკვირდება და შეაფასებს პროცესს.
აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ სხვა მედიების წარმომადგენლებს, მენეჯერებს, ჟურნალისტებს, იმ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის, რომელიც მედიამ შეინარჩუნა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ვდგავარ ამ თავისუფალი ადამიანების გვერდით, რომლებმაც უამრავი დაშინების და გამოწვევის მიუხედავად შეძლო და ახორციელებდა მათ ძირითად საქმიანობას, აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. მინდა დავამატო, რომ ქვეყანაში ყველაფერზე, ბუნებრივია, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და მთავრობა. მათი უპირველესი ამოცანაა, შეწყდეს ეს ძალადობრივი ფაქტები და მათ შეძლონ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ამ ადამიანების ჯანმრთელობა და თავისუფლება იქნება გარანტირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.