წყარო „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან „გურიის მოამბეს“ ატყობინებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, მმართველი გუნდის ოზურგეთის შტაბს, ყოფილი მერი, ბეგლარ სიორიძე უხელმძღვანელებს.
ინფორმირებული წყარო გვიმტკიცებს, რომ ეს შეთანხმება პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე შედგა და სწორედ ბეგი სიორიძე იქნება ის ადამიანი, რომელიც „ოცნების“ კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის და „ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების გასამარჯვებლად პასუხისმგებლობას აიღებს.
ამ დრომდე, ცნობილი იყო, რომ საარჩევნო შტაბს საკრებულოს თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი, დავით დარჩია უხელმძღვანელებდა, თუმცა, პარტიული ბოსების გადაწყვეტილებით დარჩია უკვე ჩაიხსნა:
_ ვერაფერს გეტყვით მაგ თემაზე. მალე დასახელდება კანდიდატი და ცნობილი იქნება შტაბის ხელმძღვანელიც, _ გვითხრა დარჩიამ.
_ ბატონო დავით, ამ დრომდე, ცნობილი იყო, რომ შტაბს თქვენ გაბარებდნენ. რა შეიცვალა და რატომ გადაწყდა სიორიძის კანდიდატურა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ მართლა არაფერი ვიცი. არ არის ეს ჩემი საქმე და გთხოვთ, ასეთ თემაზე ნუ მთხოვთ კომენტარს.
_ თქვენი საქმე როგორ არ არის… სიის პირველი ნომერი ხართ…
_ ყველაფერი მალე გაირკვევა.
_ პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, მერაბ ჭანუყვაძეზე რას გვეტყვით, თქვენთან რჩება?
_ რათქმაუნდა. მერაბიც ჩვენთანაა და ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დარჩიამ.
დარჩიასგან განსხვავებით, კატეგორიულად უარყოფს შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ბეგი სიორიძე. ოზურგეთის ყოფილი მერი ამბობს, რომ ის შტაბს არ უხელმძღვანელებს:
_ შტაბს არ ვუხელმძღვანელებ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია, _ ამბობს სიორიძე.
_ ბატონო ბეგი, „ქართულ ოცნებას“ დაეხმარებით თვითმმართველობის არჩევნებში?
_ რათქმაუნდა დავეხმარები. მე ვიყავი, ვარ და ვრჩები ჩემი გუნდის ერთგული და შესაბამისად, ქართულ ოცნებას აუცილებლად დავეხმარები, _ აღნიშნა ოზურგეთის ყოფილმა მერმა.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მერაბ ჭანუყვაძესთანაც გადაგვემოწმებინა და გაგკვერკვია, აპირებს თუ არა და რა სტატუსით ის ბეგი სიორიძესთან ერთად მუშაობას იმ ფონზე, როცა მათი დაპირისპირების შესახებ ხმები აქტიურად ვრცელდება, თუმცა, ჭანუყვაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.