დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მაშტაბით მერობის კანდიდატები დაასახელა. 63 მუნიციპალიტეტიდან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, განსაკუთრებული ყურადღება ოზურგეთზე და მათი გუნდის კანდიდატზე გაამახვილა:
„ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი.
ერთ-ერთი ძალიან წარმატებული საჯარო მოსამსახურე,ვინც აჩვენებს იმას, რომ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ოზურგეთი და მისი განვითარება. დარწმუნებული ვართ, რომ ავთანდილი არამხოლოდ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, არამედ ხელს შეუწყობს ოზურგეთის შემდგომ განვითარებას,“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის თავმჯდომარეს რომ სხვა კანდიდატებზე ასეთი აქცენტი არ გაუკეთებია, ეს ყველამ შეამჩნია. კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რატომ არის ყველაზე პრიორტეტული ოზურგეთი, თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ამის მიზეზი გახარიას გუნდის კანდიდატი გია ცეცხლაძეა.
ცეცხლაძემ „ქართულ ოცნებას“ ცეცხლი ჯერ კიდევ 10 დღის წინ „შეუნთო“ და როგორც გურიაში იტყვიან გვარიანად „შეაფუცხუნა“. სწორედ მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძის კანდიდატურის დაყენება.
მართალია, ამას მმართველი გუნდის ოზურგეთის წარმომადგენლობაში კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა, კობახიძემ ეს დღეს ღიად დაადასტურა და გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ოზურგეთში დიდი ომი იწყება გაამყარა.
უფრო სწორად, ომი უკვე დაწყებულია და როგორც ფაქტები ცხადყოფს, ამ ომში არავითარი წესები არ იმოქმედებს. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მერაბ ჭანუყვაძეს და ბეგი სიორიძეს ერთ შტაბში და ერთი ქოლგისქვეშ მუშაობა. არადა, ეს ორი, ამ დრომდე ერთმანეთის მტრებად განიხილებოდნენ. უფრო მეტიც, სიორიძის წაგებაში, მისი გარემოცვის წევრმა, ეკა ნინიძემ, მერაბ ჭანუყვაძეს ბრალი საჯაროდაც კი დასდო და არც ლანძღვა-გინება დაუკლია. თუმცა, როგორც ჩანს, პარტიული ბოსების მითითებით მავანს ეს ყველაფერი დაავიწყდა და ახლა, თალაკვაძის გასამარჯვებლად ერთიანდებიან. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამ გაერთიანებაში უკვე მოიაზრებიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებთანაც მოლაპარაკებები დაწყებულია.
როგორ განვითარდება მოვლენები ოზურგეთში, ეს მალე გამოჩნდება… ამ მონაცემებით და კობახიძის საჯარო აღიარებით კი ერთის თქმა შეგვიძლია _ „ოზურგეთში ისეთი ამბავია, დედა შვილს ხელში არ აიყვანს“.