“ჩვენ გვყავს ანაცუა-ბანაცუა” პარტიები

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით, დანაპირები ბოლომდე უნდა შეასრულონ, თუმცა დიდი იმედი არ აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი პარტიები და პარტიის ლიდერები არ არსებობენ.

ევროპალამენტარები, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან ქართველი პოლიტიკოსებით, იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველო იპოვის ძალას შეცვალოს სიტუაცია. მათი აზრით, საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას.

„პრობლემა ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები აიწონა-დაიწონას თამაშობენ. ამ თამაშში კი ქვეყანა თავზე გვენგრევა. ყველას თავისი საქციელი აქვს და ადამიანი თავისი საქციელით ფასდება. შე დალოცვილო, თუ პასუხისმგებლობა აიღე ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე და ხელი მოაწერე, უნდა შეასრულო კიდეც, მაგრამ ჩვენ სად გვყავს სერიოზული პარტიები და პარტიის ლიდერები?! ჩვენ გვყავს „ანაცუა-ბანაცუა” პარტიები. ჰოდა ასეთი პარტიების ხელში ყველაფერი მოსულა. ბავშვობა ხომ არ არის, ხელს აწერ და მერე არ ასრულებ, დამალობანა ხომ არ არის – „ჭიტა, მე დავიმალე”.

რა ვიცი, სხვა რა გითხრათ, ჯერ უფსკრულში არა, მაგრამ უფსკრულის პირას კი ვართ. ხალხიც დაბნეულია, ზოგი მიშასია, ზოგი გრიშასი, ზოგიც „კრიშასია”. ისღა დაგვრჩენია ღმერთს ვევედროთ, ვინმე გამოაჩინოს, ეროვნული ლიდერი, ქვეყანა რომ გადარჩეს,” – განაცხადა „რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share