“ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს,  ჩვენ გვაქვს ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული გაურკვეველი წარმონაქმნი”

სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომელებიც გუშინ 8 ნოემბერს აქციაზე იყვნენ, „ცესკოს“ წინ მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტის წყლის ჭავლით დარბევას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა პირველივე წუთებში გამოიყენა.

“ეს არის უსინდისობა და კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს,  ჩვენ გვაქვს ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული გაურკვეველი წარმონაქმნი, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში, აგონიაშია და ამავე დროს დაემართა პოლიტიკური ბულემია, ყველაფრის გადაყლაპვა, ყველაფრის შეჭმა უნდათ და ყველაფრის განადგურება, ეს იყო ძალის გადამეტება პირველივე წამიდან, რადგან იქ არავინ არ ყოფილა აგრესიულად მისული, სულ რაღაცა ასამდე კაცი იყო და ამათ დაიწყეს გაფრთხილების გარეშე, ესენი არიან მატყუარა ხალხი, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ და ამართლებენ, რაც ყველაზე ცუდია”, – ამბობს მხატვარი, გია ბუღაძე

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” იცრუა,თითქოს აქციის დარბევა “ცესკოსთან” პოლიტიკოსების მისვლის შემდეგ დაიწყო, ასევე, მათი თქმით, დარბევისას გამოყენებული იყო მხუთავი აირიც.

“ოცნება” ძალიან ბევრ ტყუილს ავრცელებს, მაგალითად  თითქოს პოლიტიკოსების შეტაკების ადგილას მისვლის მერე დაიწყო ყველაფერი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც პირველად დაიწყო დარბევა, იქ პოლიტიკოსები არც კი ყოფილან, სერიოზული გადამეტება იყო, რადგან, იმის გარდა რომ წყლის ჭავლს ატარებდნენ, დამიზნებითაც ესროდნენ. ის ინფორმაცია, რომ მათ გაზი არ გამოუყენებიათ, არის ტყუილი”,  –  ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე.

აქციის დარბევას ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისადმი მუქარად აფასებს სამოქალაქო აქტივისი ალიკა კუპრავაც.

“საქმე გვქონდა არა აქციის დაშლასთან, არამედ დარბევასთან. ხელისუფლება ამით აგზავნის მესიჯს, იმ ადამიანების მიმართ ვინც აპროტესტებენ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა ძალაუფლება, რომ არ გამოვიდნენ აქციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ მუშტებს ხელისუფლებისგან”, – თქვა ალიკა კუპრავამ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და გააგრძელებენ თავიანთი ხმების დაცვას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: