კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს უახლოვდება. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსმა 4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განცხადებას აკეთებს დელტა შტამზე და ამბობს, რომ ის უხანურ პირველ ქვეტიპთან შედარებით, 50%-ით უფრო მეტად გადამდებია.
დელტა რეკორდული სისწრაფით ვრცელდება, რის გამოც მსოფლიოს ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ.
“დელტა ვარიანტი უფრო აგრესიული, საშიში და გადამდებია, ვიდრე ძველი შტამები. აღნიშნული შტამი ერთ-ერთი ყველაზე ინფექციური რესპირატორული ვირუსია, რომელიც მეცნიერებისთვის ამ დრომდე ყოფილა ცნობილი,” – ამის შესახებ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით არსებული კვლევებით, დელტა შტამი ძალიან გადამდებია, რადგან დელტა ვარიანტით ინფიცირებულს 1000-ჯერ მეტი ვირუსის გავრცელება შეუძლია, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი შტამით ინფიცირებულებს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ახალი კვლევებით დელტა შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე ღორის გრიპი, ჩვეულებრივი გაციება, ჩუტყვავილა და პოლიომიელიტი.