“ოფიციალური წერილი იყო” – წილოსანის ახსნა სუს-ის მოსმენებზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, რომელიც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ, “მთავარ აქცენტებში” გასაჯაროებულ სუს-ის დოკუმენტებში ფიგურირებს ამბობს, რომ ჩანაწერების შინაარსი არასერიოზულია.

წილოსანი შეწყალებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების მიმართვას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ოფიციალური წერილია.

“თავად შინაარსია არასერიოზული, ასე ყოველ დღე შეუძლია, თქვენ ან სხვა ტელევიზიას, დაწეროს და იკითხოს და შემდეგ გადაიკითხოს ეს ვითომ ჩანაწერები, რომელიც არანაირ სერიოზულობას არ შეიცავს. რაც შეეხება ჩემ მონაკვეთს, რომელსაც ახსენებთ, ოფიციალურად შემოსული წერილია, რომელიც რაგვარადაც იქნა ამ სიუჟეტში გამოყენებული, ცოტა კიდევ უფრო არასერიოზულია.

ოფიციალურად შემოსულ წერილზე რომ აკეთებთ კომენტარს, რომ თურმე ეს სუს-ის ანგარიშში მოხვდა. პარლამენტის წერილები ოფიციალურად შემოსული არის საჯარო”, – თქვა ნინო წილოსანმა. 

წილოსანი ფიქრობს, რომ ნიკა გვარამია წერილებს თავად მოძებნიდა და ამოწერდა, მისივე თქმით, ჟურნალისტების კითხვებს “კიდევ უფრო სერიოზულად უპასუხა, ვიდრე აპირებდა”.

ცნობისთვის, პირველ აგივსტოს გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.

გავრცელებულ კრებსების შინაარსი დაადასტურეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის გიორგი მშვენიერაძემ და გურო იმნაძემ. გარდა ამისა, ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს “რადიო თავისუფლებისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: