თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ ლაივში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ უნდა, რომ დაბრუნებით ოპოზიციის ერთიანობა დაარღვიოს და ვინმემ ჩათვალოს, რომ მის გამო რამე ჩაიშალა.
„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო.
იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ. ახლა უკვე წყალი აქვთ შეყენებული. სპეცრაზმი უკეთესი ჰყავთ ვიდრე შევარდნაძეს იმიტომ, რომ ჩემი შექმნილია. მე როდესაც 2007 წელს ეს სპეცრაზმი გამოვიყენე იმის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტობიდან, ვადა წელიწად ნახევრით შევიმცირე. 2008 წელს ძლივს მოვიგე, 2%-ით გავძვერი პირველ ტურში და 2012 წელს ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ არ გვინდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დამონების პროექტი საბოლოოდ განხორციელდეს, ქართველი ხალხი ერთიანი და მომთმენი უნდა იყოს, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირა რთული იქნება.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავს გამარჯვებული პარტიის ლიდერი უწოდა.
„ ვინაა ივანიშვილი? ერთი ქონდრის კაცია. თქვენ ხართ ხალხი, ირწმუნეთ საკუთარი ძალის. ქონდრის კაცს უბრალოდ გვერდზე გაწევა უნდა. ახლაა ეს ხაზი, რომლის უკან დასახევი არ გვაქვს. ან გამარჯვება, ან ჩვენი მომავლის განადგურება. თქვენ საარჩევნო უბნებზე მიხვედით და არჩევნები მოიგეთ, მე ამას, როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერი, ისე ვამბობ, მაგრამ მერე მაგან დაწერა და ეს დაწერილი უნდა წამოვიღოთ და თავზე გადავახიოთ“,-განაცხადა სააკაშვილმა.