„ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს; ვუსმენთ რა პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების, რეალური გადაწყვეტილებების, შემოთავაზებების, გამოსავლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ დროს ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი სხვა გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღარიბე, კოვიდ პანდემია და უამრავი სხვა. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ჩვენი პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის. ჩვენ პოლიტიკოსებმა ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ბევრჯერ შეიძლება მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, აფხაზ და ოს ძმებს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვაჩვენოთ. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ერთობა ვაჩვენოთ? ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, ყოველთვის იყო ერთობა ქართველების მთავარი გამოწვევა. მაშინ, როცა ვიყავით გაერთიანებული, ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საქართველო ყოველთვის წარმატებული იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.