1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილი აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად უკან ფარულად დაბრუნდა. მასთან ერთად ჩამოსული ვალიკო ჯუღელი დღიურში წერდა: ,,9 თებერვალი 24 წ. შაბათი საღამო. მარსელი. მინდა რომ ეს სადღი[უ]რო წიგნაკი ჩვენზე ბედნიერი იყოს: რომ იგი იყოს უკანასკნელი უცხოეთისთვის… დღეს დილით ჩამოვედი მარსელში… თითქმის ამ სამი წლის წინათ სწორედ აქ ვიყავი: მარსელით შამოვედი საფრანგეთში და მარსელითვე გავდივარ. მაშინ მე და ბენია შამოვედით ერთათ და ეხლაც ერთად გავდივართ… უთუოდ არსებობს რაღაცა წერა, რაღაცა განგება!.. მაშინ, ამ სამი წლის წინეთ მძიმე და გაურკვეველ გუნებაზე ვიყავი… ეხლა კი სრულიად დამშვიდებული, მხნე და იმედიანი ვარ… მაშინ არ იყო პერსპექტივა, ეხლა კი მაქვს ნათელი და შეურყეველი რწმენა…”