“მაქვს სურვილი, რომ ვემსახურო ჩემს ოზურგეთს, როცა ხალხის არჩეული მერი ხარ, ეს უკვე ცალკე პასუხისმგებლობაა.
ვთვლი, რომ ჩემი ოპონენტებისთვის ღირსეული კანდიდატი ვიქნები”, –განაცხადა ოზურგეთის მოქმედმა მერმა, კონსტანტინე შარასშენიძემ “გურიის მოამბესთან”, რომელიც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ მისი მერობის პერიოდში ოზურგეთისთვის გაკეთებული საქმეები იმისთვის საკმარისია, რომ ადგილობრივებმა მას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭიროს.
რაც შეეხება ოპონენტებს, სხვადასხვა პარტიიდან, უკვე წარდგენილ კანდიდატებს, შარაშენიძე გვეუბნება, რომ მათ შესაძლებლობებს ის ნაკლებად იცნობს.
“მე მათ შესაძლებლობებს არ ვიცნობ. შემიძლია გითხრათ ის, რომ ეს ნაბიჯი, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის, ოზურგეთელების მოთხოვნით გადავდგი.
მე მეამაყება, რომ დღეს ამ პოზიციაზე ვარ.
გავიმარჯვებ თუ არა, ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი.
მე მათთან შეხვედრების დროს ვისაუბრებ ჩემს სამომავლო გეგმებზე, რომელიც რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად უნდა განხორციელდეს.
მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს სახელისუფლებო ინსტიტუტებთან. ასე, რომ რასაც კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა ჰქვია, ეს არის ჩემი ჰობი.
ძალიან კარგად გამომდის ეს საქმეები, რომელსაც ვაკეთებ ხელისუფლებასთან ერთად”, –გვითხრა კონსტანტინე შარაშენიძემ.