ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის კლასტერული გავრცელება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში ხდება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს უთხრა,ზუსტად ეს ღონისძიებები უნდა შეიზღუდოს, ან მათზე დამსწრეთა რაოდენობა.
„ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან უწყებათშორის საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა გაანხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი და მთავარი რეკომენდაცია არის პირბადეების გამოყენება სავალდებულოდ, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში.
ასევე მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე ისეთ ღონისძიებებს, რაც არის ქორწილები და ქელეხები. ვინაიდან, ეპიდვითარების დაკვირვებით გამოვლინდა, რომ კლასტერული გავრცელება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. ასევე უნდა შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართება, შემდგომი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებენ.
„10 აგვისტოს საბჭოზე ვიმსჯელებთ, თუ რა გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული“, – თქვა ტიკარაძემ.