ქოცნი გვაბოლებენ – ერთადერთი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც ომი არ მომხდარაო
ტყუილია. არაა ასე. აგერ ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძის დროსაც არ ყოფილა ომი. ოცი წელი ზეობდა კაცი. და მართლაც – რატომ უნდა ეომოს რუსეთი ივანიშვილს? მონებს არ ეომებიან. მონებს ბრძანებებს აძლევენ.
მითხარით, რომელი ბრძანება არ შეუსრულა “ოცნებამ” პუტინს? ერთი რამ, რაც პუტინს უნდოდა და ვერ მიიღო.
ანაკლია არ ჩაშალეს? – ჩაშალეს.
ყარსი-ახალქალაქი არ გააჩერეს? – გააჩერეს,ლამის დასრულებული პროექტი.
რეინტეგრაციის სამინისტროს სახელი გადაარქვეს და “შერიგებისა” დაარქვეს? – გეგონება, პრობლემა ჩვენსა და ოსებს შორისაა – ეგრევე. მინისტრად “პუტინი მტერი არაა” კაგებეშნიკი დასვეს? – იხილეთ პაატა ზაქარეიშვილი.
ოკუპაციის შესახებ კანონი დე ფაქტო გააუქმეს? – კიბატონო. და ოჯახებით მასპინძლობენ ურდოდან ჩამოსულებს, ივანიშვილს სამფლობელოში.
გაზპრომთან ისეთი ხელშეკრულება დადეს, რომელსაც 10 წელი ვერ იღებდა ღრუსეთი? – დადეს.
ქართველი სპეცრაზმელები, რუსებს და მათ შნირებს მუსრს რომ ავლებდნენ, სათითაოდ ამოხოცეს? – ამოხოცეს.
ჩვენი მეომრების სიები მტერს გადასცეს? – გადასცეს.
საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე რუსი ჯაშუშები შეუშვეს? – კი ბატონო. თვით ტრისტან წითელაშვილი.
რუსეთის აგენტები პოლიტპატიმრის სტატუსით (!) გაუშვეს ციხიდან? – რამდენიც გენებოთ.
ვინც რუსებს დასდევდა და იჭერდა, ისინი ჩასვეს? – ეგეც ქნეს, კი. დღემდე ციხეში არიან ბიჭები. ცხრა წლის მანძილზე ერთი რუსი ჯაშუში მაინც იპოვეს? ვინ იპოვნიდა – ვინც უნდა ეძებდეს, თავადაა აგენტი და მთავრობაში ზის.
მცოცავ ოკუპაციას რამით მაინც გაუწიეს წინააღმდეგობა, სუს-ის მიერ ცხელის ხაზის გახსნის გარდა? – ცხადია, არა. ცხელი ხაზი გავხსენითო, დაგვცინეს. გიგა ოთხოზორიას მკვლელს რაიმე დისკომფორტი შეუქმნეს? – ყველამ იცის, სად ცხოვრობს კანჯი-ოღლი. რიტორიკული კითხვაა, ცხადია.
ტატუნაშვილის მკვლელობისთვის ვინმეს პასუხი აგებინეს? – კი, მაშინდელმა პრემიერმა პუტინს მიწერა, გვითხარით სადამდე და კიდევ უფრო წავიკუზებითო.
რუსეთთან მეომარ უკრაინას რამით მაინც დაუჭირეს მხარი? – მხარი დაუჭირეს კი არა, ელჩიც გამოიწვიეს.
პრეზიდენტად ის არ დასვეს, ვინც მარტო ზეპირად კი არა, რუსების მიერ ჰააგაში საკუთარ მტკიცებულებად წარდგენილ წიგნში ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო? – თავი მოიკლეს ამისთვის.ჩვენი პრინციპული არჩევანია მოღალატის პრეზიდენტობაო. იმ ქალისა, რომელიც ომამდე 1 წლით ადრე ამბობდა, წითელუბნის რადარი საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა, რომ რუსებისთვის დაებრალებინაო.
ხოდა, 2012 წლიდან საქართველოს რუსეთი მართავს (მარტო ბედუკაძის კრემლში დაჯილდოება რა გულისამაჩუყებელია). სწორედ ამიტომ არ ყოფილა ღია ომი. თორემ ფარულად ყველას კლავენ, ვინც მოესურვებათ და ყველაფერს იღებენ, რასაც “ოცნებად” წოდებულ ადმინისტრაციას დაავალებენ.
სანაცვლოდ, არნახულ კორუფციასა და ფუფუნებაში აცხოვრებენ მოღალატეთა მთელ კლასს. ხოდა, როცა რომელიმე ღარიბაშვილისნაირი არარაობა მორიგ ჯერზე იტყვის, რომ ამ ხელისუფლების დროს ომი არ ყოფილა, უპასუხეთ, რომ მონებს არ ეომებიან. ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი მჟავანაძეა. ან ვორონცოვი. ვორონცოვს რომ დაეკვეხნა, მაგარი ვარ, რუსები არ მეომებიანო, ხომ იქნებოდა დაცინვა? ასეთივე დაცინვაა, რასაც ეს მონები გვაყვედრიან. არ შეარჩინოთ.
ზაზა ბიბილაშვილი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება