ექსკლუზივი: რა კავშირი აქვს კონჭკათის გამგებელს ოზურგეთის სატყეოს უფროსის დაკავებასთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი ზ. ვ. დააკავეს.

გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, სატყეოს უფროსის დაკავებაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კონჭკათის გამგებელი, ალექსანდრე სირაძე მონაწილეობდა.

როგორც „გურიის მოამბეს“ სანდო წყარომ უთხრა,  სირაძე დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეფონით დაუკავშირდა ოზურგეთის სატყეოს უფროსს, აცნობა მას რომ მის ახლობელს სურდა მასთან საუბარი და სთხოვა, რომ მიეღო ეს უკანასკნელი და დალაპარაკებოდა.

კონჭკათის გამგებლის ‘ახლობელი“ სუსთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა, რომელმაც სატყეოს უფროსთან საუბრის ვიდეო ჩაწერა განახორციელა.

„გურიის მოამბე“ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა კონჭკათის ადმინისტრაციულ  ერთეულში ოზურგეთის მერის წარმომადგენელს, ალექსანდრე სირაძეს.

ის ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მან სთხოვა სატელეფონო საუბარში სატყეოს უფროსს, თანასოფლელთან შეხვედრა, თუმცა რა თემაზე სურდა მას აწ უკვე დაკავებულ პირთან საუბარი, სირაძე ირწმუნება, , რომ ის ამის თაობაზე საქმის კურსში არ იყო.:

„კი ბატონო, გიდასტურებთ, რომ ვესაუბრე ტელეფონით ოზურგეთის სატყეოს უფროსს და ვთხოვე შეხვედროდა ჩემს თანასოფლელს ივერი ცივაძეს. რა თემაზე სურდა შეხვედრა, ეს ნამდვილად არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ. თანასოფლელმა მთხოვა და მეც შევუსრულე ეს თხოვნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, არასდროს მე სატყეოს უფროსთან არ მისაუბრია და შესაბამისად არაფერი არ მითხოვია. გაოგნებული ვარ, თუ შიძლება შეგხვდებით და პირადად დავილაპარაკოთ ერთი ერთზე.  განადგურებული ვარ, რა საშინელებაა, გავაფრთხილე რამე უკანონო არ ქნა თქვა,“-გვითხრა სირაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share