ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი როდის ყოფილა ჩვენს ქვეყანაში

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ენმ-ის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს 2008 წლის ომში.

მარნეულის მერობის კანდიდატის, კენან ომაროვის წარდგენისას მან ნაციონალურ მოძრაობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ წინა ხელისუფლება პოლიტიკაში დარჩენას არ იმსახურებს, ვინაიდან მათ ქვეყანას ომი ვერ აარიდეს.

“2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. ომი არის ყველაზე საშინელი რამ, მეგობრებო. კიდევ ვიმეორებ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას ომს, ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, ის მმართველი არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დარჩენას და დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას”. – თქვა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით ქართული ოცნება ბოლო 7 არჩევნებში იმარჯვებს, რაც, მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს.

“მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგული მხარდაჭერისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი პარტიისადმი. სწორედ თქვენი მხარდაჭერით ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ ბოლო 7 არჩევნებში დამაჯერებელად გაიმარჯვა. ამის შედეგად, ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, შესაძლებელი გახდა ჩვენს ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. მოდი, ვთქვათ გულწრფელად, ერთი წამით დავფიქრდეთ – როდის ყოფილა ასეთი მშვიდობიანი, ხანგრძლივი, სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში”. – თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა წარსულშიც არაერთხელ გაიმეორა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ხაზი არაერთხელ გადმოსწიეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს არაერთი მოქალაქის კუთვნილი მიწა მოექცა.

ასევე, ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწიდან იტაცებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაშია გენადი ბესტოევი. აფხაზეთში კი, სეპარატისტული რეჟიმის დროშის დაწვისთვის, დაპატიმრებულია ირაკლი ბებუა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share