ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებში „დედალ-მამალის“ გარჩევა დაიწყეს

უკვე რამდენიმე დღეა ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებში ნედლეულის მიღება აქტიურად დაიწყეს.

ბოლო ორი დღეა კი, ისევ ძველ მეთოდებს მიმართეს და ნედლეულის ფასის განსაზღვრა ხარისხიანი და უხარისხო თხილის გულის რაოდენობის მიხედვით დაიწყეს.

გურული გლეხებისთვის უკვე წლებია კარგად ნაცნობი მეთოდის გამოყენებას, მიმღები პუნქტების ხრიკად აღიქვამენ ადგილობრივები, რაც პირდაპირ უკავშირდება ფასებით თამაშსა და ჩამბარებლების დაზარალების ხარჯზე უფრო მეტი მოგების მიღებას.

„დაიწყეს უკვე ეშმაკობა და ნაცნობი ხრიკების გამოყენება. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მეტი მოგება ნახონ ამ საწყალი გლეხების ხარჯზე. გატეხავენ ათ კეკალ თხილს და ერთიც რომ იყოს ათიდან უვარგისი, უკვე 20-30 თეთრს გიკლებენ დადგენილ ფასზე.

მაგალითად, თუ დღეს ერთი კილოგრამი თხილი ღირდა 4 ლარი და 30 თეთრი,  ამ ოცდაათი თეთრის ეკონომიას ერთ კილოგრამში  აკეთებენ, ერთი უხარისხო თხილის გულის ხარჯზე.

არადა, წელს თხილის მოსავალიც კარგია და სხვა წლებთან შედარებით ხარისხიც მაღალი. რადგან, მოსახლეობამ კარგად უწამლა და მოუარა.

თხილის დაჩაქუჩება ახლა იმისთვის გაიხსენეს, რომ ფასები ნელ-ნელა ზემოთ იწევს და რაც შეიძლება ნაკლები წაგება ნახონ. თითქმის, ერთი თვეა დაწყებულია თხილის ჩაბარება და ამდენ ხანს რატომ არ გაახსენდათ ეს მეთოდი, თუ მართლა, მხოლოდ მაღალი ხარისხის ჩაბარებაზე იყო გათვლა გაკეთებული“?-გვეუბნება ირმა გორდელაძე, რომელმაც დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

“ოზურგეთში დაიწყეს თხილის დაჩაქუჩება.

რა უყვართ თხილის მიმღებთ ჩაქუჩი და ურო?

მოკლედ, ბოლო სამი წელია ჩვენს თხილს რომ ანალიზი უკეთდება და ტექნიკური დათვალიერება…ცოტა მშურს კიდეც….მარა თავში ჩაქუჩის დარტყმას ჩვენც მივეჩვიეთ და თხილებიც”.-

წერს გორდელაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share