ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად ორმა წევრმა და ორმა დამკვირვებელმა დატოვა

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც არჩევნების შემაჯემებელ ოქმს უნდა მოეწეროს ხელი, პროტესტის ნიშნად დატოვეს კომისიის წევრებმა ნაციონალური მოძრაობიდან და ევროპული საქართველოდან, სხდომა დატოვა ასევე ორმა დამკვირვებელმაც.

“ნუ მოაწერთ ხელს ამ სიყალბეს, 11 ათასი ბიულეტენია ბათილი, 3000-ზე მეტი დაკარგული და მეუბნებით, რომ ჩემმა პარტიამ 6000 ხმით წააგო და გამარჯვებულად აცხადებთ ქართულ ოცნებას, თქვენ ხართ ხმების ქურდი, მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას” – მიმართა კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ხოროიშვილმა.

კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე პოლემიკაში არ შესულა, მან კომისიის წევრებს მოუწოდა, საკუთარი სათქმელი რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში ჩაეტიათ და სხდომის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალათ.

სხდომა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა, თუმცა შენობაში ისმის შეძახილებისა და საყვირების ხმა, შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share