კულუარები „ოცნებიდან“ – ივანიშვილი ღარიბაშვილის გადაყენებაზე ფიქრობს

კულუარებში თანდათან აქტიურდება ხმა იმის შესახებ, რომ პრემიერს წყალი აქვს შეყენებული და მალე გაათავისუფლებენ. ამ ხმას CNews-ს წყაროც უდასტურებს „ქართული ოცნებიდან“.

„ითვლებოდა და ითვლება, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის ყველაზე ერთგული დასაყრდენია, მაგრამ ბოლო დროს, როგორც წინა პრემიერობისას, ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ამ ყველაფრის კულმინაცია კი ის იყო, რომ უმძიმესი ეპიდვითარების მიუხედავად, ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა. გასაგებია, რომ ქეიფი დანაშაული არ არის, მაგრამ როცა დღეში 40-ზე მეტი ადამიანი იღუპება და ამ დროს ქვეყნის უმაღლესი პირი საქეიფოდ დადის, ეს მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არ არის. როგორც მე მაქვს ინფრომაცია, ივანიშვილს სწორედ ეს არ მოეწონა და პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ვითარებას ვერ მოუვლის უნდა წავიდეს“, – უყვება CNews-ს წყარო მმართველი გუნდიდან.

ღარიბაშვილის საწინააღმდეგოდ, სავარაუდოდ, ისიც  მუშაობს, რომ არსებული ინფრომაციით, მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ჯანდაცვის მინისტრთან, რაც თავად ტიკარაძემაც დაადასტურა რამდენიმე დღის წინ. ტიკარაძე კი, ცნობილია, რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობელია.

აქვე, აღსანიშნავია, რომ წინა პრემიერობის დროს, ღარიბაშვილმა გადაყენების შესახებ, როგორც მაშინ ითქვა, გადადგომაზე სატელევიზიო განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.

ამასთან, ღარიბაშვილის მიმრთ დასავლური პოლიტელიტაც მაინცდამაინც სიმპათიით არა არის განწყობილი. ამას ისიც მოწმობს, რომ ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, გავრცელებული ინფრომაციით, მისი ვიზიტი ჩაიშალა.

იქნება თუ არა პრემიერის გადაყენება „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლი?  – პოლიტიკის ანალიტიკოსი ამბობს, რომ პრემიერის შეცვლით არაფერი შეიცვლება.

„ის პრემიერი, რომელიც გვყავს,  პოლიტიკური ნონსესია.  თამასა ძალიან დაბლაა დაწეული,  მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. ხელისუფლებას უკვე სისტემური რესურსი აღარ აქვს.  აქედან გამომდინარე, უკვე დიდ აზრს ვერ ვხედავ, ვინ იქნება პრემიერი არსებული სახელისუფლებო გუნდიდან“- განუცხადა CNnew-ს ხუხაშვილმა.

CNews-ს წყარო „ოცნებიდან“ ეუბნება, რომ გუნდში პრემიერის შეცვლის თემა ჯერ ოფიციალურად არ დამდგარა, მაგრამ „ლიდერშიფის“ ცალკეულმა წევრებმა მიანიშნეს, რომ კახა კუჭავა, რომელცი ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეა, შესაძლოა, მთავრობის ცუდი მეთაური არ იყოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share