დღეს, 13 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. 11:00 საათიდან, საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტები შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ: ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.
„მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება. ყველა ლოგიკით, განაჩენი ივლისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხდება აგვისტომდე მოიყვანა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ივლისში ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფონზე ვერ გამოუშვებდნენ დაკავებულებს. არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხელისუფლებავ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება!
ამიტომ ვიკრიბებით დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან. ამ საქმეს არ მივიჩნევ მხოლოდ ჩემზე თავდასხმად. სწორედ ასეთ ფაქტების გამო დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე და ლექსოს მკვლელობამდე. 11:00 საათიდან ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან”, – წერს სანაია სოციალურ ქსელში.