მწეველებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე შეიძლება დაბალი იმუნური რეაქცია ჰქონდეთ – იაპონელი მკვლევრები

იაპონელი მკვლევრები აცხადებენ, რომ მწეველებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე დაბალი იმუნური რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა მტკიცე დასკვნების გამოტანამდე მეტი კვლევაა საჭირო.

წინასწარ კვლევაში, რომელშიც 32-დან 54 წლამდე ასაკის ჯანდაცვის 378 მუშაკი მონაწილეობდა, მკვლევრებმა მეორე დოზიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ მიღებული სისხლის ნიმუშების გამოყენებით Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით წარმოქმნილი დამცავი ანტისხეულების დონე გააანალიზეს.

როგორც წინა კვლევებში აღმოჩნდა, ხანდაზმული ასაკის მონაწილეებს ანტისხეულების დაბალი დონე ჰქონდათ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ასაკის გათვალისწინების შემდეგ, ანტისხეულების დაბალი დონის რისკის ერთადერთი ფაქტორი მამრობითი სქესი და მოწევა იყო, ხოლო გენდერული განსხვავება იმას უკავშირდება, რომ მოწევის მაჩვენებელი მამაკაცებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალებში.

MedRxiv-ზე გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელმაც საექსპერტო შეფასება უნდა გაიაროს, იაპონელი მკვლევრები იუწყებიან, რომ ანტისხეულების დონე ყოფილ მწეველებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოქმედ მწეველებში, რაც „იმაზე მიუთითებს, რომ მოწევის შეწყვეტა ანტისხეულების უფრო დაბალი ტიტრის რისკს შეამცირებს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share