ოზურგეთში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქტიურ ფაზაში შედის. დაშინებების, მოსყიდვის მცდელობების და მუქარების შემდეგ „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეების საჯარო გამოყენებაზე გადავიდა და ამის ნათელი დასტური ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილია.
იმედაშვილი „ოცნება“ პოლიტიკურ სცენაზე მას შემდეგ გამოიყვანა, რაც პარტია „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ, საარჩევნო კამპანიისას, მის პედაგოგთან სტუმრობისას საკმაოდ საინტერესო იდეა _ ოზურგეთში მასწავლებელთა სახლის გაკეთება დაანონსა. სწორედ ეს ანონსი გახდა „ოცნებისთვის“ „თავის ტკივილი“ და ლელა იმედაშვილს ვრცელი პოსტი დააწერინეს იმის შესახებ, რომ ეს იდეა, რომელიც თურმე მხოლოდ შიდა წრეში იცოდნენ „მოიპარეს“.
როგორ და ვის მიერ იქნება იდეის „ქურდობა“ ჩადენილი იმედაშვილს და მის უკან მდგარ ოცნებას არ დაუკონკრეტებია. თუმცა, იმედაშვილის პოსტის პათოსმა ბევრ ღიმილი ნამდვილად მოგვარა. ბევრმა ისიც თქვა, ეს ეს წერილი იმედაშვილის დაწერილი არ არის, სამაგისო ჭკუა ნამდვილად აქვს, რომ ასეთ უხერხულობაში თავი არ ჩაეგდო, მაგრამ აიძულესო. ასე იყო თუ ისე, პოსტი გამოქვეყნდა:
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში ოპოზიციის კანდიდატის მხრიდან გაჟღერდა დაპირება მასწავლებელთა სახლის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს პროექტი საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, ქალაქში ადგილიც შერჩეულია და ფართიც უკვე გადაცემულია სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“. ამ პროექტზე ბევრი ვიმუშავეთ, მოვამზადეთ სტრუქტურაც და უახლოეს პერიოდში იგეგმება მშენებლობის დაწყება. განათლების და მეცნიერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი სახელისუფლებო გუნდთან ერთად, საზოგადოებას თავად წარუდგენს აღნიშნულ პროექტს.
ცენტრის ფუნქცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების განხორციელება, კვლევითი პროექტები და კონფერენციების მოწყობა იქნება. რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში, საბოლოო დეტალების შეთანხმებისთვის იმყოფებოდნენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ „ყურმოკრული ამბის“ დონეზე ხდება ამ პროექტის გამოყენება საარჩევნო კამპანიის დროს, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც არავითარი წვლილი არ შეუტანია მის შემუშავებასა და განხორციელებაში. წარმატებები ოზურგეთს და განათლების სისტემას!“, _ წერია იმედაშვილის პოსტში, რითაც დასტურდება, რომ „ოცნებას“ წინასაარჩევნო პიარის გეგმა ჩაუვარდა.
მით უმეტეს, ირკვევა, რომ ხელისუფლებას არც პროექტი აქვს, არც მონახაზი და არც ის „სტრუქტურა“, რომელზეც იმედაშვილი აპელირებს. მის და მის უკან მდგარი „ოცნების“ წარმომადგენლების ცარიელ სიტყვებს რომ დავუჯეროთ, გასაოცარია, როგორ შეიძლებოდა შიდა წრეში „ჩუმად განხილული“ საკითხი გახარიას გუნდის კანდიდატს სცოდნოდა… და თუ ეს ნამდვილად ასეა, გამოდის, რომ მმართველ გუნდს იმაზე უარესად აქვს საქმე, ვიდრე წარმოუდგენიათ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის _ ირკვევა, რომ მასწავლებელთა სახლის ოზურგეთში გაკეთების იდეა ნოვაცია არ არის და 6 წლის წინ, ხელისუფლებას ეს დაპირება გაცემული აქვს, მაგრამ შეუსრულებელი, რაზეც პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატის, გია ცეცხლაძის განმარტებაშია აღნიშნული:
«ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ჩემი, როგორც პარტია ,,საქართველოსთვის“, ოზურგეთის მერობის კანდიდატის მიერ გუშინ ჩემს მასწავლებელთან სტუმრობისას გაჟღერებულ ინიციატივას (ოზურგეთში მასწავლებელთა სახლის შექმნის შესახებ) და ბრალი დამდო განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტით მანიპულირებაში. ჩემთვის გასაკვირი და მოულოდნელი იყო ქალბატონი ლელას მხრიდან ჩემი დადანაშაულება…
ქალბატონო ლელა, ალბათ, გახსოვთ, რომ წლების წინ, 2015 წელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბლის მიერ, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დროს გაჟღერდა ინიციატივა ოზურგეთში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თელავში მასწავლებელთა სახლების ამოქმედების თაობაზე. რასაც დღემდე ამაოდ ელიან მასწავლებლები. ფაქტია, რომ 6 წლის შემდეგაც, ვხედავთ, რომ ოზურგეთში მსგავსი არაფერი შექმნილა. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხაროა და სწორედ ამიტომ გაუგებარია, კონკრეტულად რაში გვადანაშაულებთ, მით უფრო, თუ ეს თემა 6 წლის განმავლობაში თქვენი მხრიდან აბსოლუტურად დახურული იყო და ამის შესახებ აღარავის არაფერი სმენია?
ამასთან, საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანოთ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ ჩემს პედაგოგთან შეხვედრისას გაჟღერებული ჩვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც ჩემი დიდი ხნის ნაფიქრია იდეაა და რომელსაც აუცილებად ავასრულებ. ეს იქნება სივრცე ოზურგეთელი მასწავლებლებისთვის და აღმზრდელ-პედაგოგებისთვის, სადაც კომფორტული გარემო იქნება შექმნილი და სადაც პედაგოგებს შეხვედრების, ახალი იდეების გაცნობისა და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნებათ. რაც შეეხება სსიპ მასწავლებელთა სახლის დაფუძნებას ოზურგეთში, რაც განათლების სამინისტოს პრეროგატივაა, კარგი იქნება თუ ოდესმე ისინი ამ დანაპირებს შეასრულებენ. და კიდევ, მოდით, იდეების გაჟღერების დასწრებაში ნუ შევეჯიბრებით ოზურგეთელები ერთმანეთს, არამედ იმაში შევეჯიბროთ, კარგი იდეების რეალიზებას ვინ უკეთ და დროულად შევძლებთ!“, _ აცხადებს გია ცეცხლაძე.