ოზურგეთში წინასაარჩევნო მარათონი უკვე დაწყებულია. კანდიდატები შეხვედრებს მართავენ და არც უხვ საარჩევნო დაპირებებს ერიდებიან. დაპირებებში პირველობას არავის უთმობს „ქართული ოცნება“ რომლის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძეა _ ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ძმა.
თალაკვაძეები ბოლო დღეებში ყველგან ერთად ჩნდებიან _ ოღონდ, მხოლოდ სახელისუფლებო მედდიით და ამ დრომდე, კრიტიკულ მედიას მათთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცემია. არადა, კითხვები ბევრია, მით უმეტეს მაშინ, როცა ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო პროგრამა ძალიან ჰგავს იმ პროგრამას, რომელიც მისმა ძმამ, დღეს უკვე დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ 2016 წელს უხვად დაარიგა.
დაპირებებში სიტყვაუხმა არჩილ თალაკვაძემ რომ ვერაფერი გააკეთა, ამას მისი ძმის და დღეს უკვე მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის დაპირებებიც ცხადყოფს _ ინფასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაო ადგილების შექმნა და სწრაფი განვითარება, რომელიც 6 წლის წინ არჩილ თალაკვაძემ დაგვიანოსა და ახლა ავთანდილ თალაკვაძე გვიანონსებს.
ყველაფერი რომ უფრო ნათელი გახდეს და ვინმეს ბევრი „მარჩიელობა” არ დასჭირეს არქივიდან არჩილ თალაკვაძის რამდენიმე დაპირება ამოვიღეთ:
„სისწრაფე გვახასიათებს გურულებს და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ერთად გადავალთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპზე, რაც მოგვიტანს მეტ კეთილდღეობას, გზას გაუხსნის მომავალ თაობას“;
„ბოხვაური, მდინარეების – ბჟუჟის და ნატანების შუამდინარეთია, ძლიერი ოჯახებით და შესაძლებლობებით. თქვენ პოლიტიკაში კარგად ერკვევით და მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და სწრაფ განვითარებას. 9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები და ახალი სამეწარმეო პროექტები შევთავაზოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას”;
„მე გპირდებით რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში თქვენ იქნებით ამაყები და წელგამართულები, მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია“;
„ჩვენ ვაპირებთ ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით განვითარებას. გზები, ხიდები და ახალი შენობები, ეს ის პრიორიტეტებია რაც სჭირდება სოფელსა და ქალაქს. სადაც არის გამართული ინფრასტრუქტურა სწორედ იქ მოდის ინვესტორი, იქ მოდის ტურისტი, იქ ვითარდება ბიზნესი და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები”;
„ პენსიონერების გამოცდილება ჩვენ ისევ გვჭირდება. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ პროგრამას „ცხოვრება გრძელდება“, რომელიც პენსიონერთა დასაქმებას ითვალისწინებს” _ აი, ასე უხვ დაპირებებს გასცემდა არჩილ თალაკვაძე 2016 წელს და ეს მხოლოდ ნაწილია, რომელიც მხოლოდ მედიაარქივს შემორჩა.
თუმცა, სამწუხაროდ, არქივში ნამდვილად არ იძებნება „ხელებდაკაპიწებული“ არჩილ თალაკვაძე, არც მის მიერ დასაქმებული პენსიონერები, არც ახალი შენობები და გამართული ინფრასტრუქტურა და არც ეკონომიკური განვითარების შესახებ მტკიცებულებები.
სამაგიეროდ, ახლა უკვე უხვად გაჩნდა ავთანდილ თალაკვაძის დაპირებები დასაქმებაზე, მოწესრიგებულ ინფასტრუქტურაზე და ბევრ კარგ საქმეზე, რომელსაც თურმე, მომდევნო ოთხ წელიწადში გააკეთებს…. მერე რა, რომ 6 წლის წინ მისმა ძმამ ვერ შეასრულა დაპირებები, მერე რა, რომ მოგვატყუა, მერე რა, რომ ახლაც იგივე გვესმის, რაც 2016 წელს. ნუ ვიქნებით უმადურები და დაუნახავები _ რამ გაყო არჩილი და ავთანდილი. ორივე ოზურგეთში დაიბადა, ორივე თალაკვაძეა; სხვა თუ არაფერი ძმები არიან და ერთმანეთის მემკვიდრეობასაც გააგრძელებენ და ოზურგეთელებსაც არ მოგვაკლებენ “დაპირებებით კვებას” არჩევნებიდან არჩევნებამდე _ ხომ გაგიგიათ, ძმა ძმისთვის და შავი დღისთვისო!