“ყველაზე დაბალი ქულა საქართველოში მე მაქვს მგონია, 29 ათასი”-გვეუბნება გიორგი კაპანაძე, რომელიც უკვე 6 წელია ოზურგეთში, ძველი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობს და რომელსაც თანხის გადაუხდელობის გამო 6 თვეა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.
“მხოლოდ ერთ ნათურას და ტელევიზორს ვრთავდი. 3-4 ლარი ფიქსირდებოდა თვეში გადასახდელი. თან მთავრობა ხომ გვიხდიდა ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს? 200 კილოვატი არც ერთ თვეში არ დამიწვავს და იმის მაგივრად, აქეთ დამხმარებოდნენ, იქეთ დამადეს ვალი”-გვიყვება რესპონდენტი.
მარტოხელა მამაკი, აფხაზეთის ომის მონაწილეა. გვეუბნება, რომ მტრის ტყვიამ მარჯვენა ფეხი დაუზიანა. მისი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარება, თვეში 60 ლარი და ვეტერანობის პენსიაა.
“კომუნალურებს ყოველთვის კეთილსონდისიერად ვიხდიდი. ახლა დავალიანება დამაწერეს. მოიკითხონ, მოიკვლიონ, საიდან ამხელა დავალიანება”?
გიორგი კაპანაძე გვიყვება, რომ მოითხოვა არსებული დავალიანება გადაენაწილებინათ მისთვის ისე, რომ თვეში 20 ლარი გადაეხადა, თუმცა “ენერგო პრო ჯორჯიაში” ამაზე უარი უთხრეს და თავდაპირველად არსებული დავალიანების 30%-ის შეტანა მოსთხოვეს, რაც დაახლოებით 70 ლარს შეადგენდა, სხვა შემთხვევაში კი მერის მოადგილესთან, ირაკლი სირაძესთან თხოვნით მისვლა ურჩიეს, რომ საერთო ჯამში 150 ლარის დავალიანება მისთვის ბიუჯეტიდან დაეფარათ:
” მითხრეს, ამობეჭდე მონაცემები და მერის მოადგილეს მიუტანე, დაგეხმარებაო. მივედი, ვესაუბრე მარა, ჯერ არაფერი პასუხი არ მაქვს. ენერგოკომპანიას ვუთხარი 20-20 ლარს გადავიხდი თვეში, მეტი არ შემიძლია-მეთქი, მარა ვერაო. ერთიანად უნდა შემოიტანო 70 ლარიო. ვზივარ ახლა უშუქოდ აგერ უკვე 6 თვეა. პატრონი არ ჩანს არსაიდან”
“ენერგო პრო-ჯორჯიას” ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელი, გია ნაკაიძე “გურიის მოამბეს” ეუბნება, რომ გიორგი კაპანაძის დახმარებას ვერაფრით შეძლებენ, სანამ ეს დავალიანება არ დაიფარება:
“მხოლოდ ერთი გამოსავალია, დავალიანების დაფარვა.ჩვენ მას შევთავაზეთ თანხის გადანაწილება, მაგრამ უარი მივიღეთ. სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია”-გვითხრა ნაკაიძემ.
“თქვენ არ იცით, ეს კაცი როგორ წვალობს და რა საცოდავ დღეშია. ხომ ხედავთ, როგორ პირობებში ვცხოვრობთ და ამას დამატებული უშუქობა. ვერსად ვერაფერს გავხდით”- გვეუბნება კაპანაძის მეზობელი, რომელიც ყველაზე მეტად იმაზეა შეწუხებული, რომ “აფხაზეთის ომის ვეტერანია კაცი და ამასაც კი არანაირ ანგარიშს არ უწევს დღეს ხელისუფლება”.