თურქეთმა საექსპორტო თხილის ფასი დაასახელა. როგორც პორტალი EastFruit-ი წერს, დასახელებული თანხის გამო, წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასი მაღალი არ იქნება.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული თხილის წლევანდელი მოსავლის ფასი გამოაცხადა. თურქეთის ნიადაგის პროდუქტების სამმართველო (TMO) გირესუნის ხარისხის 1.კგ თხილს 27 თურქულ ლირად (3,16 დოლარად), ხოლო Levant-ის ჯიშის თხილს 26.5 ლირად (3,10 დოლარად) შეიძენს. ეს იმაზე დაბალი ფასებია, ვიდრე ზოგიერთი თურქი ფერმერი მოელოდა. შესყიდვის თარიღი და კრიტერიუმები ჯერ არ გამოცხადებულა. TMO-ს დაანონსებული ფასები EastFruit-ის მიერ პროგნოზირებულ კილოგრამის ფასზეც, 30 ლირაზე (3,51 დოლარზე) დაბალია.
„როგორც ვხედავთ, ქვედა ზღვარი მოლოდინზე გაცილებით დაბალია. ამრიგად, საექსპორტო ფასები როგორც თურქული, ისე ქართული თხილისთვის მაღალი არ იქნება,“ – წერს EastFruit.
პორტალის შეფასებით, TMO-ს ფასს თურქეთის საექსორტო ფასებთან მეტად ძლიერი და, თითქმის, ერთმნიშვნელოვანი კორელაცია აქვს. როგორ წესი, საქართველო თხილის ექსპორტს, ხარისხის სხვაობის გამო, თურქეთზე დაბალ ფასში ეწევა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთავარი საექსპორტო პერიოდის, ანუ მეოთხე კვარტლის ფასები, თურქეთის საექსპორტო ფასებთან შედარებით, ტრადიციულად, 6-13%-ით დაბალი იყო.
ამ დინამიკიდან გამომდინარე, EastFruit ვარაუდობს, რომ ქართული თხილის გულის დიდი ნაწილი ქვეყნიდან კგ-ზე 5.80-5.90 დოლარად გავა, რაც მანამდე პროგნოზირებულ ფასებზე 5-7%-ით დაბალია.
ექსპორტიორებისთვის ეს ფასი, წინა წელთან შედარებით, უარესია, თუმცა ბოლო ოთხი წლის საშუალო მაჩვენებელზე 4%-ით უკეთესია, რაც სექტორისთვის ფაროსანას შემოსევის შემდგომი პერიოდია.
„საქართველოში თხილის სექტორის მდგომარეობაზე მაღალი ინფლაცია უფრო ცუდ გავლენას მოახდენს, ვიდრე დაბალი საექსპორტო ფასები,“ – წერს პორტალი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოჰყავს: მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები, შარშანდელ ივლისთან შედარებით, 11.9%-ით გაიზარდა. იმავდროულად, ლარი 2%-ით გაუფასურდა. მაღალი ინფლაცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„თხილის საექსპორტო ფასის, ინფლაციის დონისა და ვალუტის გაცვლითი კურსის ასეთი ცვლილებები იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველ ექსპორტიორს 1 კგ. თხილი, თითქმის, იმავე შემოსავალს მოუტანს, როგორიც წინა წელს ჰქონდა, მაგრამ ამჟამად სამეწარმეო რესურსი, სხვა საქონელი და მომსახურება გაცილებით ძვირია,“ – წერს EastFruit, რომელიც დადებით მხარედ იმას ასახელებს, რომ მაღალი ინფლაცია ერთჯერად ფაქტორებთან არის დაკავშირებული.
პორტალს საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები მოჰყავს, რომელიც ფასების ზრდას სურსათისა და ნავთობის მსოფლიო ფასებს უკავშირებს. ამასთან, ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის გაზრდამ განაპირობა, ეს კი სუსტი საბაზისო პერიოდის შედეგია, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მოთხოვნა შეამცირა.
„ზოგადად, მიმდინარე თხილის სეზონი საქართველოსთვის ადვილი არ იქნება. როგორც ჩანს, საშუალო საექსპორტო ფასი წინა სეზონის ფასს მიუახლოვდება, ანუ პროგნოზირებულზე უფრო დაბალი იქნება. კილოგრამ თხილზე შემოსავალს ნაკლები მსყიდველუნარიანობა ექნება, ამიტომ კარგი მოსავალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ხარისხზე ორიენტირებულ ფერმერებს უფრო გაუადვილდებათ, რადგან მათი მოსავლის ფასები უკეთესი იქნება, შესაძლოა, იმდენად მაღალიც, რომ ისინი ინფლაციის მაღალ დონეს ვერ იგრძნობენ,“ – წერს EastFruit.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი მსოფლიო თხილის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. თხილის ბაზრის 75% სწორედ თურქეთზე მოდის, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ფასებზე სხვა მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოზეც.
bpn.ge