„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ-საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.
მან, თანამდებობა, მიმდინარე წლის დასაწყისში, ოფიციალური ინფორმაციით საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ირაკლი კობახიძის თქმით „ქვეყნის ერთ-ერთი საუკეტესო საჯარო მოხელე“ თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებია. არც ის აუხსნია, ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, პანდემიის დროს რატომ გადაწყვიტა სახლში წასვლა. თალაკვაძეს არც იმ მოარულ ხმებზე გაუკეთებია კომენტარი, რომლის თანახმადაც მას თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრმა მას შემდეგ დაატოვებინა, რაც პანდემიის სამართავად საჭირო შესყიდვების დროს, თალაკვაძის დაქვემდებარებულ უწყებაში ბევრი საეჭვო შესყიდვა დაფიქსირდა. განსაკუთრებით ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში. ამ თემაზე განმარტებებისთვის არც მთავრობას „მოუცლია“ და „დუმილის უფლება“ იმ უწყებებშიც შეინარჩუნეს, სადაც ჩვენი წყაროს თქმით, ამ თემის შესწავლა ჰქონდათ დაწყებული, რომელიც თალაკვაძის ძმის, არჩილ თალაკვაძის უშუალო ჩართულობით შეჩერებულია.
წყაროს თქმით, სწორედ მის მიმართ არსებული კომპრომატები დაუდეს თალაკვაძეს „ოცნებაში“, სადაც ოზურგეთის მერობის კანდიდატს ლამის სანთლით ეძებდნენ და სწორედ ამით აიძულეს მერის პოსტზე კენჭის ყრა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიაში 15 000 ლარიანი თანამდებობის დატოვება.
როგორც აღვნიშნეთ, ამ თემებზე თალაკვაძე დუმს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის კრიტიკულ მედიასთან საერთოდ არ ჩნდება და არჩევანს მხოლოდ სახელისუფლებო მედიაზე აკეთებს… სავარაუდოდ, იმიტომ, რომ „მათი მედია“ ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე კითხვებს არ დასვამს. კითხვები კი, ფაქტებიდან გამომდინარე ბევრიამ რომელზეც იმედი გვაქვს მერობის კანდიდატი ისაუბრებს.
თუმცა, სანამ თალაკვაძე განმარტებებს გააკეთებს, მანამ გადავწყვიტეთ გაგვეგო რა ქონებას ფლობს მმართველი გუნდის კანდიდატი, რომელმაც ქონებრივი მდგომარეობის დროს დეკლარაცია 31 მარტს შეავსო.
დეკლარაციით ირკვევა, რომ ავთანდილ თალაკვაძე თბილისში, მეუღლესთან და სამ შილთან ერთად ცხოვრობს. მის მფლობელობაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება HD street bob-ია, რომელიც 2018 წელს, 4500 დოლარად აქვს შეძენილი.
სამაგიეროდ, ქონებას ფლობს ავთანდილ თალაკვაძის მეუღლე _ მაკა შავგულიძე, რომელმაც დიღომში, 594 კვ.მ მისი ნაკვეთი 26730USD 2013 წელს შეიძინა. 2015 წელს, ასევე სოფელ დიღომში თალაკვაძის მეუღლემ 77 კლვ.მ მიწის ნაკვეთში 8565 ლარი გადაიხადა.
253.85 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თალაკვაძის მეუღლეს დიდი დიღომში 2015 წელს დაუწყია და 303 311 ლარიც დაუხარჯავს.
დეკლარაციით ირკვევა, რომ თალაკვაძის მეუღლე ინმდეწარმეა და მას, გასულ წელს სამეწარმეო საქმიანობიდან 19151 ლარი და 44 თეთრი აქვს მიღებული.
რაც შეეხება თალაკვაძის გასულ წლის შემოსავალს, მას, ხელფასის სახით, 2020 წელს 80 300 ლარი აქვს აღებული.
დეკლარაციის შევსების დროს თალაკვაძეს ხელზე 2000 ლარი და 1200 დოლარი ჰქონდა. მის მეუღლეს კი 1500 ლარი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს _ 31 მარტის მონაცემებით საქართველოს ბანკში თალაკვაძის საკრედიტო 322 ლარი და 73 თეთრი იყო, თიბისის სახელფასო ანგარიშზე _ 11461 ლარი და 42 თეთრი, საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე _ 2003 ლარი და 16 თეთრი, თიბისის მიმდინარე ანგარიშზე კი _ 100 ლარი.
ამავე პერიოდში, მისი მეუღლის, მაკა შავგულიძის ანგარიშზე თიბისი ბანკში 2554 ლარი და 51 თეთრი ირიცხებოდა, საქართველოს ბანკში _ 8902 ლარი და 44 თეთრი, თიბისი ბანკში გახსნილ ანაბარზე 1501 ლარი და 13 თეთრი, ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე _ 76 ლარი და 62 თეთრი, და კიდევ ერთ ანგარიშზე _ 57 ლარი და 97 თეთრი.
დეკლარაციის თანახმად, ავთანდილ თალაკვაძეს რამდენიმე ანაბარი შვილების სახელზე აქვს. დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ბანკში 9 წლის გაბრიელ თალაკვაძის სახელზე გახსნილ ანაბარზე 8904 დოლარია, 5 წლის ნინა თალაკვაძის სახელზე გახსნილ ანაბარზე საქართველოს ბანკში კი _ 13062 ლარი ირიცხება. გაბრიელ თალაკვაძის სახელზე თიბისი ბანკში დეპოზიტიც არის გახსნილი, რომელზეც 11330 ლარია.
თალაკვაძეს სესხებიც ჰქონდა, რომლის დიდი ნაწილი უკვე დაფარულია. დოკუმენტის მიხედვით 90 000 დოლარიანი სესხი მას 2015 წელს 15 წლის ვადით აქვს აღებული და შარშან 7466 დოლარიც გადაიხადა. მეორე სესხზე კი, რომლის მოცულობა 10 000 დოლარს შეადგენს და რომელიც 2015 წელს 10 წლის ვადით აიღო, გასულ წელს 1055 დოლარი აქვს გადახდილი.