ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზმა, რომელიც ხორბლის მოსავლის შემცირებას უკავშირდება, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაშ რუსული ხორბლის ფასი 20 დოლარით გაიზარდა და 286-287 დოლარს მიაღწია. (ცნობისათვის, საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთში ყიდულობს)
როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე და გახდება თუ არა საჭირო სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
ლევან სილაგავას თქმით, არსებული მოლოდინით, რუსული ხორბლის ფასი კვლავ გაიზრდება, ბაზარზე კი ეს მომავალი კვირის შემდეგ აისახება.
ერთადერთი დადებითი ტენდენცია ჩვენთან არის ლარის კურსის სტაბილურობა. მოგეხსენებათ, ხორბლის ფასთან ერთად, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ სექტორში მუშაობს ორი ინდუსტრია ფქვილის და პურის მწარმოებლები. ასეთია საწარმოო ჯაჭვი. ბოლო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდა პური, ჩაეტევიან თუ არა ამ ფასნამატში, ამ კითხვის ადრესატი ჩვენ არ ვართ.
რაც შეეხება სუბსიდირებას, ჩვენი ასოციაცია ამას არასოდეს ემხრობოდა. უბრალოდ, ეს იყო ორი სუბიექტის (სახელმწიფოს და მოსახლეობის) სურვილი და გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მეშვეობით განხორციელდა. სუბსიდირების ფორმის არჩევის დროს, პირდაპირ ვამბობ, ჩვენი ასოციაცია წინააღმდეგი იყო ფქვილის სუბსიდირების. სუბსიდირება უნდა მომხდარიყო პურში, მაგრამ ეს ვერ დამენეჯმენტდა, რადგან ბევრად მეტი პურის მწარმოებელი სუბიექტია, ვიდრე წისქვილკომბინატი. ამის შემდეგ, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღეთ, არადა, ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ბაზრის მომხრე ვიყავით. ახლა, თუ სუბსიდირება მოხდა, ჩვენი შეთავაზება იქნება, პურში გაკეთდეს სუბსიდირება“,- აცხადებს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.