ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკი ქვეყნიდან ყველა ავღანელის გამოყვანას ვერ შეძლებს.
მისი თქმით, ევროკავშირმა ამ დრომდე ავღანეთიდან 106 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლო, თუმცა ბლოკის 300-ზე მეტი ავღანელი თანამშრომელი ქაბულის ქუჩებშია ჩაკეტილი და აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებს.
„ევროკავშირის დელეგაციების 300-ზე მეტი ავღანელი თანამშრომელი ჯერ კიდევ ქაბულის ქუჩებშია ჩაკეტილი და აეროპორტამდე მიღწევას ცდილობს. ეს ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად უჭერდნენ მხარს და იცავდნენ ავღანეთში ევროკავშირის ინტერესებს, ჩვენი მორალური მოვალეობაა მათი დაცვა და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ ქვეყნიდან ყველა ავღანელს ვერ გამოვიყვანთ,“- აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ავღანეთში არსებული მდგომარეობა კატასტროფულია.
„ჩვენ ავღანეთში ახალი და მტკივნეული რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ეს არის კატასტროფა ავღანელი ხალხისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის, სანდოობისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის. იყო ეს პროგნოზირებადი? შესაძლებელი იყო თუ არა მისი პრევენცია? ყველა შემთხვევაში, ეს არის კოშმარი,“ – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.