ის ცნობილი გამოთქმა ხომ გახსოვთ, სააკაშვილის მხარდამჭერი რომ გაბრაზდა და საჯაროდ თქვა: „ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხომ?“ _ ზუსტად ასეა ახლა ოზურგეთის რეალობა, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები პარალმენტის ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს გასულ ოთხ წელს ახსენებენ და ეკითხებიან: „ახლა არ მოგწონს შარაშენიძე ხომ?“.
ეს კითხვა ოზურგეთის შტაბში მას შემდეგ გაჩნდა, რაც თალაკვაძის ბრძანებით შარაშენიძის მხარდამჭერთა გათავისუფლება დაიწყო. პირველი მერცხალი გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი პაატა ლომთაძე იყო, რომელიც სოსო გოგაშვილის კადრად ითვლებოდა და რომელიც სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ თავადც კი მედიიდან გაიგო.
როგორც ცნობილია, გოგაშვილი და მისი გუნდი, რომელთა შემადგენლობა ცოტა ნამდვილად არ არის, ოზურგეთის მერის არჩევნებში მხარს კოტე შარაშენიძეს უჭერს.
ლომთაძის შემდეგ სატყეოს უფროსი, კახა ღლონტი გაუშვეს, რომელიც ასევე შარაშენიძის კადრად ითვლებოდა. ღ
ლონტის შემდეგ კი ჯერი გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრის ხელმძღვანელზე დავით ცერცვაძეზე მიდგა, რომელსაც თანამდებობა წუხელ დაატოვებინეს.
ცერცვაძე ამბობს, რომ მისი წასვლა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, თუმცა, ოზურგეთში, ამის არავის არ სჯერა. მით უმეტეს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ცერცვაძესა და შარაშენიძეს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რაც თალაკვაძის ბრძანებით გააქტიურებულ სუს-ს არ გამოპარვია.
ამ დრომდე მედიასთან არ კონტაქტობს ლომთაძე და ღლონტი, რომელთა შემცვლელებად თალაკვაძე ისეთ პირებს არჩევს, რომლებიც არჩევნებზე წაადგება.
არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამაშველო სამსახურს გურიაში მერაბ ჭანუყვაძე ჩაიბარებს- ოზურგეთის ყოფილი გამგებელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომლის შესანარჩუნებლად „ოცნებაში“ ყველაფერი გააკეთეს.
არადა, ჩვენი წყაროს თქმით, ჭანუყვაძის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ არჩილ თალაკვაძე იყო, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში შარაშენიძეს მფარველობდა და ერთხელაც არ მოუკითხავს იმ ადამიანების ბედი, რომლებმაც სამსახურები მას შემდეგ დაკარგეს, რაც მერის არჩევნებში შარაშენიძემ გაიმარჯვა.
სწორედ ამის გათვალისიწინებით წაუყენეს თალაკვაძეს პრეტენზიები შტაბში და არც იმის თქმა დავიწყებიათ, რომ იმ რეალობის შექმნაში, რაც დღესაა ოზურგეთში მისი დიდი წვლილია. ჩვენ, ბუნებრივია, გვუსრდა ამ თემებზე არჩილ თალაკვაძის პოზიცია გაგვეგო, თუმცა, პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ მედიის კითხვებს არ უპასუხა და საკუთარი ძმის წარდგენიდან ლამის თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. რამდენად აქვს გასაქცევად საქმე, ამას დრო და მოვლენები გამოაჩენს _ მანამდე კი ცხადია, რომ ოზურგეთში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები დაიწყო და ამ ყველაფრის უკან სწორედ არჩილ თალაკვაძე დგას, რომელსაც ყველაზე მეტად კოტე შარაშენიძის ეშინია, რადგან თუ „ბოროტ ენებს“ დავუჯერებთ, სწორედ შარაშენიძეა ის კანდიდატი, რომელმაც თალაკვაძის ალიანსებზე ყველაზე მეტი იცის და ამავე დროს, არავინ იცის როდის „ისვრის“, რადგან შარაშენიძესთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება არცთუ ისე მარტივია.