ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი იმყოფება:
“გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადასამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს პაციენტის დაყოვნება საველე ჰოსპიტალში და შემდეგ მოხდება მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალური სექტორი ახლა არის მაქსიმალური დატვირთვით, ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება ამ ადგილის შევსება” , – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს და მათთვის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ საველე ჰოსპიტალი მინიმალურად დაიტვირთება.
“კლინიკების ნაწილი დღესაც ემზადება იმისთვის, რომ დამატებით საწოლის მობილიზება გააკეთოს, ეს პარალელური პროცესია. რთულია ერთი გამყოფი ხაზის გავლება და ვთქვათ, რომ დამთავრდა ჰოსპიტალური სექტორის რესურსი, ამოიწურა და სრულად გადავედით საველე ჰოსპიტალზე. გუშინ დაგვიდგა ის მომენტი, როდესაც სწრაფი რეაგირება იყო აუცილებელი და პაციენტების ბინაზე დატოვების ნაცვლად მნიშვნელოვანი იყო მათ დასჭირდათ სამედიცინო ყურადღება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტლების კარები დაიკეტა და იქ პაციენტები ვეღარ შევლენ. დღესაც მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის დამატებით მობილიზება და ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ მინიმალურად დაიტვირთება საველე ჰოსპიტალი” , – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქ არიან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადით მკურნალობას, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია. ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას თავიდანვე არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, გუშინ 24 000-მდე აცრა შესრულდა, ეს ტემპი მაღალი არ არის. მე პირადად, რომ გითხრათ – ესაა ის ტემპი, რასაც ვისურვებდი, ნამდვილად ასე არაა. დახლოებით 35-40 000-მდე უნდა ტარდებოდეს. დღეს უკვე იუსტიციის სახლში გაიხსნა სერვისი, რომელიც მოქალაქეს ვაქცინაზე დარეგისტრირებაზე დაეხმარება”, – განაცხადა გაბუნიამ.