ეს განცხადება, “გურიის მოამბესთან” საუბარში, “ლეიბორისტული” პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა, დავით მამალაძემ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას გააკეთა.
გამომცემლობის ჟურნალისტი, მამალაძეს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ, მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართული საპროტესტო აქციის დროს შეხვდა და ესაუბრა.
აქციის დროს ოპოზიციის წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმის მიღებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ოზურგეთში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა:
“ლეიბორისტული პარტიის ცოდვა მთელ პოლიტიკურ სპექტრს ეწია კისერზე. ოცდაათი წელიწადია რაც ჩვენ გვიყალბებენ არჩევნებს და ეს თანმიმდევრული შედეგი მივიღეთ დღეს. ოლიგარქიული დიქტატურა საშინელი და უსასტიკესია.
რა არ მინახავს ცხონებული ჯუმბერ ლომინაძედან დაწყებული, რამდენი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მინახავს, ჩემი სოფლიდან, ცხემლისხიდიდან იყო, ვარსკლავებს ითვლიდა ცაში კაცი, ასტრონომი იყო და ხმებს ვერ ითვლიდა.
იქიდან დაწყებული, მთელი კომისიის წარმომდგენლები მუდმივად აყალბებდნენ ოქმებს, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა ეს წარსული გამოცდილება თავისი ნოუჰაუებით და ნოვაციებით შეისისხლორცა და გააყალბა მაქსიმალურად არჩვენები, ბიულეტენებს აყალბებდნენ, მოსყიდვა იყო, ადმინისტარციული რესურსის გამოყენება იყო, მოვდივარ გასაპროტესტებლად ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური”-გვითხრა მამალაძემ.