დღიური ხელფასი 50 ლარამდე გავზარდეთ, მაგრამ მაინც კადრების დეფიციტია – თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ფერმერებს მუშა-ხელის პოვნა უჭირთ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას განცხადებით, მკრეფავებისთვის დღიური ხელფასი 50 ლარამდეა გაზრდილი, თუმცა კადრების დეფიციტია.

მისივე თქმით, წელს თხილის მოსავალი 10 000 ტონით არის გაზრდილი, ფასი კი ამ დროისთვის 3 ლარით იწყება და 7 ლარს აღწევს.

„ნალექიანი ამინდის გამო, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მოსავლის აღება დაიწყო და 20-25%-ზე მეტი მოსავალი არ არის აღებული. საშუალო ხარისხის მშრალი თხილის ფასი დაახლოებით 6 ლარია, რაც შეეხება უმაღლეს ხარისხს, აქ ფასი 7 ლარამდეა, რაც შეეხება დაბალი ხარისხის თხილს, მისი ფასი 3-დან 4 ლარამდეა. აქ საუბარია იმ ფერმერების მოსავალაზე, რომლებმაც სათანადოდ არ მოუარეს და არ შეწამლეს.

რაც შეეხება საექსპორტო თხილს, მისი მოცულობა წელს გაიზრდება. ზოგადად მოსავალს 60 000 ტონამდე ველოდებით მთელს ქვეყნაში. თუმცა, გვაქვს მუშახელის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ დღიური ხელფასი გაზრდილია, მაინც კადრების დეფიციტი გვაქვს. მკრეფავებისთვის დაახლოებით 50 ლარია ამ ეტაპზე ხელფასი. მიზეზებს შორის აუცილებლად იქნება პანდემია, როცა ჯგუფში ერთს უდასტურდება კოვიდი, დანარჩენები ბუნებრივია ვერ იმუშავებენ. მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ალბათ, მნიშვნელოვანი წილი გასულია უცხოეთში, კერძოდ, თურქეთში კრეფაზე, მაგრამ რომ გადაიანგარიშო, თურქეთზე არანაკლები ხელფასი რჩებათ ქვეყნის შიგნით. მოსავლის ზრდა კარგია, მაგრამ ცუდია, როცა მუშახელს ვერ ვშოულობთ მოსავლის ასაღებად“, – აცხადებს თოდუა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share