თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია “ფორმულა”-ს წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს. ისინი 25 თებერვალს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, პატიმრობის 6-თვიანი ვადა ამოწურული აქვთ და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
“გაუშვა მოსამართლემ სამივე. მაგარი სასამართლოა ძალიან ! კერატიშვილი – სამარცხვინო მოსამართლე ! არჩევნები მოდის – მოძალადეები სჭირდება ივანიშვილის ხელისუფლებას და უგზავნის სიგნალს ! – წერს ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ვახო სანაიას განცხადებით, მას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ჟურნალისტს ტვინის შერყევა ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სანაია თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.