თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. დღეს, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები გურიაში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად გაეცნო.
სამხედრო ექიმები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით ამჯერად, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით არის შესაძლებელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები სხვადასხვა რეგიონის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას.
გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სხვა ვაქცინებით შეუფერხებლად მიმდინარეობს ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკასა და ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, ჩოხატაურის კლინიკებში -,,მედალფა“ და „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“, ასევე, ოზურგეთში- კლინიკა „მედალფაში“ და შეკვეთილში, ემერჯენსის შენობაში – სამედიცინო ცენტრ ,,დოსტაქარში“.