რუსეთის მოქალაქემ სამხრეთ კურილის კუნძულ კუნაშირიდან იაპონიამდე დამოუკიდებლად გაცურა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ინფორმაციას იაპონური მედია Kyodo ავრცელებს.
მოქალაქე იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე დააკავეს. უცნობია, კონკრეტულად როგორ გაცურა კაცმა იაპონიამდე. საპოროში რუსეთის გენერალური საკონსულო ცდილობს, მომხდარის დეტალები იაპონურ მხარესთან გაარკვიოს.
როგორც რუსულ მედიასთან Interfax-თან საუბარში სამხრეთ კურილის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, კაცი წარმოშობით ურალიდანაა და კუნაშირზე საცხოვრებლად 3 წლის წინ გადავიდა. თავდაპირველად ის 17 აგვისტოს გაუჩინარდა.
“მისი ბინის დათვალიერების დროს იპოვეს იაპონიის პლაკატები, იაპონიის კულტურა უყვარდა” – აღნიშნა Interfax-თან საუბრისას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
კუნაშირი ჰოკაიოდოსგან დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშორებული.