ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად „საგზაო რუკა“ არ აქვს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორივე მხარეს მოუწევს გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, აქ მთავარია, ყველაფერი მოხდეს ისე, რომ მხარეებს მიეცეს სახის შენარჩუნების საშუალება.
„ჯერჯერობით, ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ პრაქტიკასთან როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, იმიტომ რომ საგზაო რუკა არ მგონია რომელიმე მხარეს ჰქონდეს. ელჩის რეზიდენციაში გუშინდელი შეხვედრა იყო პოზიციების ფიქსაციისთვის განკუთვნილი, ანუ ორივე მხარემ თავისი პოზიციები და არგუმენტები მოიყვანა და მედიატორმა ეს მოისმინა. ჯერჯერობით, ვართ ამ ეტაპზე. ეს რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია და კარგია, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ იქნება ცალმხრივი, ორივე მხარეს მოუწევს გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. აქ მთავარია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ისე, რომ მხარეებს მიეცეს სახის შენარჩუნების საშუალება. კარგია, რომ კობახიძე გადამალეს და ლაპარაკობს თალაკვაძე და გახარია. მათი რიტორიკა არ არის პროვოკაციული, ეს უკვე კარგია, მაგრამ იქამდე რომ რაღაც კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიო, ორივე მხარეს მოუწევს დათმობა. სხვანაირად ჩვენ დავუბრუნდებით ჩიხს და ესკალაციას“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, მან პარტიებს შექმნილი სიტუაციიდან „კარგი გამოსავალი“ შესთავაზა.
„მე პოლიტიკურ პარტიებთან მქონდა შეთავაზება, რომ ოპოზიციამ არჩევნები კი არ უნდა აღიაროს, მაგრამ უნდა აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და პარლამენტში შევიდეს იმ დათქმით, რომ საგამოძიებო კომისია არჩევნების ყველა გარემოებას შეისწავლის და ამ დასკვნის საფუძველზე ყველა მხარეს ეცოდინება იყო თუ არა იმ მასშტაბის და იმ ხარისხის გაყალბება, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი. რაც მთავარია, მეორე მხარის კომპორმისი იქნება ის, რომ თუ ამ კომისისის დასკვნამ დაადასტურა არჩევნების არსებითად გაყალება, ამ შემთხვევაში ისინი დათანმხდებიან რიგგარეშე არჩევნებს. ეს არის მე ვფიქრობ კარგი გამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ სახის შენარჩუნებით ამ კრიზისის არა ნეიტრალიზება, არამედ საპარლამენტო კედლებში გადატანა, მინიმუმ გადავადება გაზაფხულამდე, ლოგიკური ნაბიჯი იქნება. მთავარია, სად მოიძებნება ოქროს ფრთა, კვეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. მე ველოდები იშვიათ მოვლენას, რასაც ჰქვია ჩვენი პოლიტიკური ელიტის მხრიდან, სახელმწიფო ინტერესების საკუთარ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოზე წინ დაყენება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.