მსახიობი და რესტორატორი ასმათ ტყაბლაძე:
“ძალიან არასწორად იქცევიან ჯერ ტრანსპორტი რომ შეზღუდეს და ახლა 22 საათამდე რომ დაგვრთეს ბარ-რესტორნებს მუშაობის ნება.
პერსონალი ძირითადად მასივებსა და მიკრორაიონებში ცხოვრობენ და ისინი ვეღარ დადიან სამსახურებში. ტაქსის ფული ვის აქვს? ვერც ჩვენ ვუხდით. გატანის სერვისით მუშაობას იმხელა პროცენტი მიაქვს, რომ აზრი არ აქვს.
პატარა ბარები და რესტორნები ნაკლებად არის ინფექციის გავრცელების ადგილი. ჩვენ სულ დისტანციას ვიცავთ.
როგორ, კორონა გააფთრებულია და საღამოს ათ საათზე ჩერდება?
ქეიფები და ქორწილებია გადამდები. სულ იმართება ქორწილები და იმას მიხედონ. კარგად იციან ეს. სახლში რამდენი ჭიქა მაქვს, იმას გაიგებენ რომ დასჭირდეთ.
ახლა ტაქსი უფრო საშიშია, რადგან არ მოწმდება, ვიდრე ავტობუსი. რამხელა ფასები დაედო ტაქსებს.
ტაქსის მძღოლს ვინმე უზომავს სიცხეს? პირბადე უკეთიათ? მანქანებს დეზინფექცია უტარდება? თუ დაინფიცირებაში უნდა იხადოს იმხელა ფასები ხალხმა?
მერე გავსებულია ეს საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსები. ზედახორაა. გადით დიდუბის სადგურში და ნახავთ.
პირბადის გარეშე არსად არ უნდა უშვებდნენ. არც ავტობუსში. სახლში კი არ უნდა დასვან ხალხი, სწორად უნდა დაიცვან რეგულაცია.
მშივრები არიან, იცით? ხელფასი რომ არ აქვს ადამიანს, ის მშიერია.
მოეპრიანებათ და აწესებენ შეზღუდვებს – ათი საათი! თერთმეტი საათი! თორმეტი საათი!
ყველაფერზე მომატებულია ფასები. დღგ-ს კი არ ამცირებენ, უმატებენ.
სხვა გზა უნდა მოძებნონ, თორემ ამდენი ტრაგედია ტრიალებს ყოველდღე. “ფეისბუქზე” რომ შემხვდება სამწუხარო ინფრომაციები, ჩქარ-ჩქარა ვტოვებ, რომ ბოლომდე არ წავიკითხო… დავმძიმდით…”
“ალია” შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების მიხედვით, ტაქსის მძღოლებმა კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტირება უნდა ჩაიტარონ.