“წარმოიდგინეთ, როგორი დეგრადირებული უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ პარტიის თავმჯდომარემ საკუთარი მამა გამოგზავნოს ასევე პოლიტიკური ბრძოლის ველზე. ჩვენ, მანამდე, ვიხილეთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი მეუღლე გაწირა ამ პოლიტიკური ბატალიებისთვის. ახლა, კაცმა თავისი მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ზუგდიდში. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ და ზუგდიდი საჯილდაო ქვად აქციონ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. ვერც მამები უშველიან, ვერც ცოლები“, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.
მთავრობის მეთაურს, რომელსაც წლების წინ, პრემიერის პოსტი ნათესავების დასაქმების გამო დაატოვებინეს, ამ განცხადების დროს წარბიც კი არ შეტოკებია.
ღარიბაშვილი, ოპონეტნების მიმართ სიძულვილით, როგორც გურიაში იტყვიან „ისეა ატანილი“, რომ სულაც არ გახსენებია მეზობელი რეგიონი – გურია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა.
ღარიბაშვილის ლოგიკას რომ გავყვეთ და მისსავე მტკიცებით ფორმაში რომ ვისაუბროთ, გამოდის, რომ მთავრობის მეთაურის მტკიცებით, არჩილ თალაკვაძე დეგრადირებულია, რადგან მან პოლიტიკური ბატალიებისთვის საკუთარი ძმა გამოიყენა.
იმის გასარკვევად რას ფიქრობს პრემიერის განცხადებაზე და თვლის თუ არა თავს დეგრადირებულად, ბუნებრივია, არჩილ თალაკვაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ – ძმის საარჩევნო კამპანიაში ჩართულმა, ოზურგეთში კარდაკარ მოსიარულე არჩილ თალაკვაძემ; ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
არადა, კითხვები უფრო მეტია ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დეგრადირებულობაა….
ოზურგეთში დიდი ხანია საუბრობენ, რომ სწორედ არჩილ თალაკვაძეა ის პირი, რომელმაც მისი ძმის ოპონენტების მხარდამჭერების დაშინების, დაშანტაჟების და ბევრის მოსყიდვის ბრძანებაც გასცა.
იმასაც ამბობენ, რომ სწორედ არჩილ თალაკვაძე ემუქრება ადამიანებს სამსახურიდან გაშვებით, რომ მისი ბრძანებით სთხოვენ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირებს ავთანდილ თალაკვაძის მხარდამჭერი პოსტების დალაიქებას და გაზიარებას. თუმცა, როგორც გითხარით, პრემიერის მიერ დეგრადირებულად დასახელებული არჩილ თალაკვაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.