გურიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღე უარესებდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 200-ს აღწევს. მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელიც. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში ადამიანური რესურსიც აღარ დარჩება ინფიცირებულთა დასახმარებლად. ამის პარალელურად ირკვევა, რომ რეგიონში არ არსებობს არცერთი უწყება, რომელიც გააკონტროლებს ვითარებას აცრის პუნქტებთან და საავადმყოფოებთან. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც მოქალაქეები ტესტების ასაღებად მიდიან, ყოველდღიურად რიგებია… ოღონდ არა დისტანციის და სხვა წესების დაცვით. ადგილზე, სადაც ყველაზე უკეთ უნდა იცავდნენ რეგულაციებს, ყველაზე კარგად ჩანს როგორ ირღვევა. ამ ადგილზე, სავსებით შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდეს და ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც არ უარყოფენ თუმცა, ვერ გვპასუხობემ კითხვაზე რატომ არ ხდება კონტროლი. ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე ხელს მოსახლეობისკენ იშვერს და ამბობს, რომ წესებს არავინ ემორჩილება. თუმცა, კითხვაზე, რატომ არ იღებს შესაბამის ზომებს მხრების აჩეჩვით პასუხობს. არადა, წესების დაცვის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ სპეციალისტები, რომელთა თქმით, ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და აცრაა. თუმცა, გურიაში, ეს ყველაზე ნაკლებად ესმის და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით.
უფრო მეტიც, ოზურგეთის მედალფას ხელმძღვანელი, დავით მდინარაძე ამბობს, რომ პირები, რომლებიც კოვიდით არიან ინფიცირებულები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან:
“პირადად მინახავს ადამიანები, რომლებსაც ჩვემს კლინიკაში წინა დღით ვირუსი დაუდასტურდათ ქუჩაში, მაღაზიაში, საზოგადობერივი თავშესყრის ადგილებში. სამწუხაროდ, ადამიანები არც საკუთარ და არც სხვის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უფრთხილდებიან” – ამბობს მდინარაძე
ირკვევა, რომ ბოლოს დროა ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები სიპტომებს მალავენ ან სიპტომებოს შემთხვევაში ამტკიცებენ, რომ სხვა ვირუსი აქვთ: “როცა კოვიდისთვის დამახასიათებელი სიპტომები ვლინდება დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს და ხშირ შემთხვევაში ასე არ იქცევიან. არადა, დაგვიანებული მკურნალობა იწვევს ცუდ შედეგებს” – ამბობენ ექიმები, რომლებიც მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ, ხელისუფლებას კი ამ ყველაფრის კონტროლისკენ მოუწოდებენ.