მინდა ვუთხრა პოლიციას: თქვენ დედები გყავთ საერთოდ? არ გრცხვენიათ? რა ბრძანებებს ასრულებთ და როგორ დაგაჩმორეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ამ პოლიციამ ბოლომდე აღმართოს ხელი ქართველ ხალხზე.
“თქვენ ოდესღაც იყავით მსოფლიოს ნომერ პირველი პოლიცია. მთელი საქართველო ამაყობდა თქვენით და თქვენზე ლექციებს კითხულობდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. რას დაგამსგავსათ მართლა ივანიშვილმა, სახლში რომ მიდიხართ თქვენს ცოლებს, შვილებს, მშობლებს რაზე ელაპარაკებით? რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ეხმარებით ივანიშვილს? ნახეთ მათი თვალები რა დაშინებულები არიან? მათი დაჩმორებული სახეები, მათი შეშინებული სიფათები ნახეთ? გამორიცხულია, რომ ამ პოლიციამ ბოლომდე აღმართოს ხელი ქართველ ხალხზე. ნუ გეშინიათ ამათი, წინ ბოლომდე მივაწვეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე უპასუხა, სოციალური ქსელის მომხმარებელს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვას და განაცხადა: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.
„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საშუალება არ უნდა მივცეთ, არჩევნების შედეგების „გაპრავების“.
„არ მივცეთ არჩევნების შედეგების “გაპრავების” საშუალება, ყველგან დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, შევუქმნათ პრობლემები. ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი. არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და უფრო მეტი უნდა გამოვუშვათ პარლამენტიდან. თუ გადმოვლენ შეტევაზე, მიიღებენ პასუხს. ეს არის ხელის განძრევა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
“უნდა დავირაზმოთ, წელში გავიმართოთ, შევუტიოთ, შევუტიოთ და შევუტიოთ, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, ესენი არიან კუთხეში მიყუჟულები, ძალიან სუსტები და ახლა ბოლომდე უნდა შევუსრულოთ. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული”,- აღნიშნა სააკაშვილმა.
მან ასევე უპასუხა, სოციალური ქსელის მომხმარებელს, რომლის თქმით, ხალხს მეტი მოტივაცია სჭირდება.
“მეტი რა მოტივაცია უნდა სჭირდებოდეს ხალხს? ქვეყანას კარგავენ, მათი შვილები და შვილიშვილები საქართველოს ტერიტორიაზე ვეღარ იცხოვრებენ. ქართული ენა შეიძლება გაქრეს, ჩვენი ეკლესიები გადაიღებება და გაუბედურდება, რუსული ენა გაბატონდება, ქართველებს გადაასახლებენ და ჩამოსახლდება ყველანაირი გადამთიელი. ქვეყანა რომ აღარ გექნებათ, ამაზე მეტი მოტივაცია რაღა შეიძლება გქონდეთ?”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ მატჩს.
სააკაშვლის შეფასებით, ხელისუფლებამ გუშინ სტადიონზე „საღორე“ მოაწყო.
„სტადიონზე შესვლა, როცა ხალხს გარეთ ყინავ, „უნახავმა რა ნახაა“. ღორი საღორიდან გამოვიდა და ახალი საღორე მოაწყო. აი, ეს იყო გუშინდელი მათი სტადიონი.
მე არ მომწონს ეს ლაპარაკი, ოპოზიციას გეგმა არ აქვს, რა აზრი აქვს მაინც…. თუ აზრი არ აქვს, მაშინ იცხოვრეთ ნაგავში და საღორეში, გვინდა ეს?! არ გვინდა. გვინდა, რომ ბოლომდე გადაგვიაროს?!“, – განაცხადა სააკაშვილმა.